როგორ ცხოვრობდნენ ქალები ირანში რევოლუციამდე და რა ხდება დღეს

რევოლუციამდე ირანს მოჰამედ რეზა ფეჰლევი დაახლოებით 37 წელი მართავდა. აშშ-სა და ბრიტანეთის პოლიტიკური მხარდაჭერით იგი ცდილობდა, ტრადიციული ირანი თანამედროვე დემოკრატიად ექცია. შაჰმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, სახელმწიფო მართვის სტრუქტურები კი სეკულარიზმის პრინციპებზე დაამყარა. რევოლუციამდე ირანელი ქალები დასავლურად იცვამდნენ, ატარებდნენ ვიწრო ჯინსებს, მოკლე კაბებსა და მაისურებს, შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება.

მოჰამედ რეზას მცდელობა, ირანი დასავლური ღირებულებების ქვეყანა გამხდარიყო, ვერ განხორციელდა, რადგან მისი მმართველობის ბოლო წლები ფაქტობრივად რეპრესიები იყო – დევნიდა ყველანაირ ოპოზიციურ პარტიას, ქვეყანაში დიდი სოციალური უთნასწორობა დამყარდა, ეკონომიკურად რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. 1978 წელს დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები ირანის მთავარ ქალაქებში. აიათოლა ხომეინი (ირანის პოტენციურად შემდეგი ლიდერი) მოუწოდებდა ხალხს, დაემხოთ შაჰის ხელისუფლება. ასეც მოხდა. 1979 წლის 16 იანვარს ირანის უკანასკნელმა შაჰმა ოჯახთან ერთად სამშობლო დატოვა.

აითოლა ხომეინის მოსვლის შემდეგ, ირანი ისლამურ რესპუბლიკად გარდაიქმა. შეიქმნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, მკაცრი შიიტური წესები მყარდებოდა ყველგან და ყველაფერში, აზიის ერთ-ერთი ყველაზე ვესტერნიზებული ქვეყანა უკან, შუა საუკუნეებს უბრუნდებოდა. ქალებისთვის სავალდებულო გახდა ჰიჯაბის ტარება, აიკრძალა დასავლური კულტურის ნიმუშები და მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების არსებობა, დაწესდა ცენზურა.

ახალი წესების დამყარებამ ქალებში პროტესტი გამოიწვია. ისევე როგორც დღეს, მაშინაც იყო გამოსვლები, ჰიჯაბს დემონსტრაციულად იხსნიდნენ, თუმცა ირანის ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ყოველთვის ახერხებდა ჩაეხშო საპროტესტო ტალღა.

“1979 წელს ირანში განვითარებულ მოვლენებს ისლამური რევოლუციის სახელით მოიხსენიებენ. სინამდვილეში, ეს იყო სასტიკი კაცების მიერ მოწყობილი რევოლუცია ქალების წინააღმდეგ, ქალების, რომლებიც უკვე 43 წელია, იტანჯებიან”. – შირინ ებადი.