საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

გიგა ოთხოზორიას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო „მესაზღვრეებთან“. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. „მესაზღვრეები“ დაედევნნენ, მათ შორის რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო წაქცეულს თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გიგა ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

2023 წლის დეკემბერში სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.

ბრალდებული ამ დრომდე არ არის დაკავებული.