
დღეს შესრულდა 100 დღე, რაც ჟურნალისტი, და ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის მე-100 დღეს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) კვლავ გამოხატავს სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. ორგანიზაცია მოითხოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას.
„მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგუროს ის, რაც დარჩა ქვეყანაში თავისუფალი პრესისგან.
მიუხედავად ამ თავდასხმისა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის, მზია, ბრძოლას აგრძელებენ“
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის კლუნების ფონდმა (Clooney Foundation for Justice), მისი სასამართლო პროცესის მონიტორინგი დაიწყეს. კლუნების ფონდი TrialWatch ინიციატივის ფარგლებში უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში.
#თავისუფლებამზიას
ბრძოლა გრძელდება!
