
ისრაელმა ისევ განაახლა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები. ჰამასის ცნობით, მოკლულია 330-მდე ადამიანი.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც ჰამასმა არაერთხელ თქვა უარი მძევლების გათავისუფლებაზე და უარყო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და შუამავლების წინადადებები.
ისრაელის მიერ დაწყებული ხელახალი იერიშები ყველაზე ძლიერი იყო მას შემდეგ, რაც იანვარში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, და, ამასთანავე, ისრაელმა მიანიშნა, რომ იერიშები მომავალშიც გაგრძელდება.
