
“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონის მიხედვით, თუ უნივერსიტეტის სტუდენტს ეტყვით, რომ ადამიანები თანასწორნი ვართ, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ხოლო ჰომოფობია ადამიანთა სიძულვილს ნიშნავს, 1,500 ლარით დაჯარიმდებით. ჯარიმა კი, დასმენის საფუძველზე დაგიწესდებათ. შესაბამისად, მტრულ გარემოსთან ერთად, ეს კანონი “ჩაშვების” პრაქტიკასაც აწესებს.
კანონი დაუშვებლად აცხადებს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხების შეტანას უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამებში. თუმცა, ამის გარეშე, შეუძლებელია ცოდნის მიღება დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე. ამასთანავე, კანონს გავლენა ექნება სასწავლო პროცესზეც, რადგან აკადემიური საქმიანობა შეეზღუდებათ გენდერის მკვლევრებს, ლიტერატურათმცოდნეებს, ისტორიკოსებსა და კინოსა თუ თეატრის მკვლევრებს.
