
ანტი-ლგბტ კანონი, ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და 2 დეკემბერს ამოქმედდება. ეს დისკრიმინაციული კანონი სრულად ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ზღუდავს არა მარტო მედიის, არამედ შეკრებისა და განათლების თავისუფლებებსაც.
კანონი კრძალავს ნებისმიერი ტიპის მასალას, ფილმს, სერიალს, წიგნს და ხელოვნების სხვა ფორმებს, რომლებიც უკავშირდება ლგბტ თემატიკას და თანასწორობის პრინციპებს.
ეს შემზღუდავი პოლიტიკა სცდება უბრალო „მორალურ შეზღუდვებს“ და მიზნად ისახავს საზოგადოების კონტროლს. სამწუხარო პარალელის გავლება შეიძლება საბჭოთა კავშირის პერიოდის ცენზურასთან, ასევე, ფაშისტური გერმანიის კანონებსა და პრაქტიკასთან, რა დროსაც სახელმწიფო აკონტროლებდა ყველა კულტურულ, პოლიტიკურ თუ სოციალურ აქტივობას. შესაბამისად, ამ კანონის მიღების რეალური მიზანია თავისუფალი აზრის ჩახშობა და ტოტალური კონტროლის დამყარება.
ამ კანონის მიხედვით, ცენზურა შეეხება განათლების სფეროსაც. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდებსა და მომავალ თაობებს ჩამოერთმევათ განათლებისა და ინფორმაციის მიღების უფლება, არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, არამედ ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც სახელმწიფო მიუღებლად გამოაცხადებს.
შედეგად, საქართველო გადაიქცევა რუსეთის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმად, სადაც მსგავსი აბსურდული კანონების მიღება მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია ხელისუფლების ძალაუფლების განსამტკიცებლად.
