
ვაგინალური გამონადენი სხეულის ფიზიოლოგიის ბუნებრივი და სასიცოცხლო ასპექტია. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.
ვაგინალური გამონადენი ბევრ ინფორმაციას ატარებს ჩვენი ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ და დავაკვირდეთ მას. ნებისმიერი ცვლილება – რაც შეიძლება იყოს გამონადენის ფერი, კონსისტენცია, რაოდენობა, შეიძლება მიუთითებდეს მენტრუალური ციკლის კონკრეტულ დროს, შესაძლო ინფექციებსა და ჰორმონალური ცვლილელების შესახებ ინფორმაციას.
გამონადენის ირგვლივ არსებული ნებისმიერი ცვლილების შემჩნევა დაგეხმარება, უკეთესად იზრუნო შენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და განსაზღვრო, როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა.
უწყინარი (ჯანსაღი და ბუნებრივი) გამონადენი ბევრნაირი და განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა არსებობს ზოგადი მახასიათებლები, რაც ყველასთვის საერთოა:
ფერი: გამჭირვალე ან თეთრი;
კონსისტენცია: შეიძლება იცვლებოდეს თხელი და წელვადიდან, შედარებით უფრო სქელი და კრემოვანი მასისკენ;
სუნი: საშუალოდ საგრძნობი ან უსუნო;
რაოდენობა: განსხვავებული რაოდენობა განსაკუთრებულად მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ოვულაციის პერიოდში რაოდენობა იზრდება.
ნორმალურია, რომ გამონადენის რაოდენობა მთელი ციკლის განმავლობაში იცვლებოდეს. რაოდენობის ზრდას სრული ციკლის პერიოდში ორგანიზმში განვითრებული ჰორმონალური რყევები იწვევს. მაგალითად, ოვულაციის დროს, გამონადენი ჩვეულებრივზე მეტი და უფრო თხელი, ელასტიურია – კონსისტენციით ძალიან ჰგავს უმი კვერცხის ცილას.
ვაგინალური გამონადენი საყურადღებოა, თუ შემდეგ ცვლილებებს შეამჩნევ:
ფერი: ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ყავისფერი;
კონსისტენცია: ძალიან სქელი, ხაჭოს მსგავსი გამონადენი;
სუნი: მძაფრი, უსიამოვნო. ამ სუნს ხშირად ადარებენ თევზის სუნს;
დამატებითი სიმპტომები: ქავილი, წვის შეგრძნება, შესიება, სიწითლე, შარდვისას და სქესობრივი აქტის დროს ტკივილის შეგრძნება, და ნებისმიერი სახის დისკომფორტი.
ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე ან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემაზე, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი, სოკოს ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი). თუ ზემოთხსენებულ სიმპტომებს შეამჩნევ, მნიშვნელოვანია სამედიცინო კვლევის ჩატარება დიაგნოზისთვის და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად.
სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ უკავშირდება პერიოდს, საყურადღებოა აღნიშნული გარემოებების დროს:
• თუ რეგულარულად სისხლიანი გამონადენი გაქვს, რაც არ უკავშირდება მენსტრუაციას;
• როცა სისხლიანი გამონადენის რაოდენობა ძლიერდება, და წერტილოვანის მაგივრად, მსუბუქ მენსტრუაციულ გამონადენს ემსგავსება;
• როცა სისხლიანი გამონადენი რამდენიმე დღე გრძელდება;
• თუ ყველა სხვა სიმპტომთან ერთად, გაქვს ძლიერი მუცლის ტკივილი, შებერილობა, თავბრუსხვევა ან არასასიამოვნო სუნი.
გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, PCOS (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი), ინფექციები, ფიბროიდები, ორსულობის გართულებები, საშვილოსნოს ყელის ან ენდომეტრიუმის სიმსივნე. თუ აღნიშნული სიმპტომები შეამჩნიე, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი და გამომწვევი მიზეზების დადგენა.
️ გახსოვდეს, გამონადენი ნორმალური და ბუნებრივი პროცესია, ამ დროს ვულვა საკუთარ თავს ასუფთავებს.
იმისათვის, რომ შეამცირო ინფექციების განვითარების რისკი, არ გამოიყენო საპონი, პარფიუმის შემცველი დასაბანები, სურნელოვანი საწმენდები – აღნიშნული პროდუქტები კლავენ არსებულ ჯანსაღ ბაქტერიებსაც, რომელთა მთავარი დანიშნულება “ცუდ” ბაქტერიებთან გამკლავებაა.
