მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

ენდომეტრიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. სტატისტიკურად, 10-დან 1 ქალს აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, დაავადებების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს; არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ენდომეტრიოზს სამედიცინო სფეროში ყურადღება მიექცა, ამ დაავადებების შესახებ კვლევების სიმწირეცაა.

რა არის ენდომეტრიოზი?

მარტივად რომ ვთქვათ, ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, რომელიც ყოველთვიურად ჩამოიფრცქვნება, მენსტრუაციის დროს) მსგავსი ქსოვილი მისთვის არაბუნებრივ ადგილას ვითარდება.

დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ვითარდება მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე და ძლიერდება ციკლის დროს. ენდომეტრიოზის კიდევ ერთი ნიშანია დისმენორეა – მტკივნეული, არარეგულარული და ჭარბი მენსტრუაცია. ენდომეტრიოზი არაერთი სიმპტომის გამომწვევია და იმდენად ინდივიდუალურია, რომ რთულია სიმპტომების ამომწურავ ჩამონათვალზე საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ენდომეტრიოზისგან განკურნების ერთი უნივერსალური საშუალება, არსებობს ენდომეტრიოზის სიმპტომების მართვის გამოცდილება და ამისთვის დროული დიაგნოსტირებაა საჭირო.

და ბოლოს, არა, მენსტრუაცია ძალიან მტკივნეული არ უნდა იყოს; არა, ციკლის დროს, როცა არაფრის კეთება არ შეგიძლია, ზარმაცი არ ხარ, უბრალოდ ორგანიზმი ვერ მოგყვება; მთავარი განსხვავება ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ენდომეტრიოზს შორის ისაა, რომ მენსტრუაცია ცხოვრებაში ხელს არ უნდა გიშლიდეს და შენი ცხოვრების ხარისხს არ უნდა აზიანებდეს.