სამწუხაროდ, საქართველოში არცერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ უზრუნველყოფს მოზარდებს ჰიგიენური ზრუნვის ნივთებით.

„უხილავი შრომის“ მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით რეგიონებში გოგონები მენსტრუაციის დროს სკოლას ხშირად აცდენენ, რადგან ვერ ახერხებენ მენსტრუაციის შესაბამის მართვას. მოზარდს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე ან ტკივილგამაყუჩებლებზეც კი.

მენსტრუალური სიღარიბე არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოზარდი საფენს ვერ იყიდის. სკოლებში ტუალეტები მოუწესრიგებელია, ხანდახან არათუ თბილი, ცივი წყალიც არ მოდის; არ არის საპონი და სხვა დასაბანი საშუალება, რომ მენსტრუაციის დღეებში, მათ გამოცვლა და ხელის დაბანა შეძლონ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბულინგი, სტიგმა და ა.შ. საკითხები, რომელთაგან თავის ასარიდებლად მოსწავლეები ამ დროს უბრალოდ სახლში დარჩენას ამჯობინებენ.

საქართველოში ჰიგიენური საშუალებები არც ისე იაფია, წლიდან წლამდე კი მენსტრუალური მენეჯმენტის ფასი მუდმივად იზრდება. საშუალო სტატისტიკურ ოჯახსაც კი ხშირად უჭირს სრულად უზრუნველყოს ყველა ოჯახის წევრისთვის საჭირო რაოდენობის ჰიგიენური საშუალებები; რთულია საუბარი ისეთ ოჯახებზე, რომლებიც სოციალური დახმრების იმედად არიან. მათთვის თითქმის წარმოუდგენელია ჰიგიენური საშუალებების ყოველთვიური შეძენა.

რა შეიცვლება, თუ სკოლებში უფასო მენსტრუალური ნივთები იქნება?

მოზარდეებს აღარ მოუწევთ სკოლის გაცდენა ჰიგიენური საშუალებების არქონის გამო;

მენსტრუაციასთან დაკავშირებული სტიგმა, რაც, სამწუხაროდ, სკოლებში და არა მარტო, ჯერ კიდევ არსებობს – შეიძლება შემცირდეს. ამ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოზარდებს აუხსნან, რომ მენტრუაციასთან დაკავშირებული ჰიგიენური საშუალებები ისეთივე სამედიცინო აუცილებლობაა, როგორც ნებისმიერი წამალი ან სამედიცინო მანიპულაცია;

და ბოლოს, ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი მოზარდი, იმსახურებს ჰქონდეს წვდომა სუფთა ჰიგიენურ საშუალებებზე. მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სახელწმიფოს პასუხისმგებლობაა.

პროექტის მხარდამჭერია New Democracy Fund.