“დაზუსტებით ვერ გეტყვით, ჩემი ბავშვობის ფერად მოგონებებს როდიდან უჩნდება დიდი შავი ლაქა, რომელიც წლების მანძილზე შეუჩერებლად იზრდება. ყოველ შემთხვევაში, 10 წლამდე ეს სისტემატურად ხდებოდა. მეგობართან სათამაშოდ გასულს მისი უფროსი ძმა “მეთამაშებოდა”. მაშინაც ვხვდებოდი, რაღაცას აშავებდა, მაგიტომაც მაფრთხილებდა, არავის უთხრაო და მეც მორჩილად ვასრულებდი მის წაყენებულ პირობებს. მძულს, როგორ მეხებოდა, მკოცნიდა და მაიძულებდა, მეკოცნა მისთვის. ალბათ, თვითონაც 15-16 წლის თუ იქნებოდა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, საგულდაგულოდ ვიბანდი ხელებს და მძულდა საკუთარი თავი.

დრო გავიდა, გავიზარდე, პირველი მენსტრუაციის მერე აზრები ამეკვიატა. ყოველთვის, როცა პერიოდი იგვიანებდა, მეგონა, ორსულად ვიყავი. განვიცდიდი, ვტიროდი, სიკვდილზე ვფიქრობდი, მეშინოდა. საზოგადოების მახინჯი აზროვნება ჩემს წარმოდგენებსაც ამახინჯებდა, ფსიქოლოგიურად მანადგურებდა ეს ყველაფერი. მეშინოდა, რომ ჩემი ოჯახი ამას გაიგებდა და ჩემ გამო სირცხვილს და ბრაზს განიცდიდნენ. მეზიზღება ის დრო, როცა პატარა დაუცველი გოგო ვიყავი.

აი, ჩემი ისტორიაც, მოსაყოლად მარტივი, თუმცა ჯოჯოხეთი გამოსაცდელად”.

#grlzwave_storiesworthsharing

ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი

პროექტის მხარდამჭერია fillia.die. frauenstiftung