
გსმენიათ დამტვრეული ჭურჭლის ოქრითი ან ვერცხლით გამთლიანების ტექნიკაზე?
იაპონიაში ამას უკვე საუკუნეებია იყენებენ და მათ ენაზე – კინცუგი ეწოდება. ის არასრულყოფილებაში, კერძოდ კი ნატეხებსა და ბზარებში სილამაზისა და ესთეტიკის აღმოჩენას ემსახურება. გატეხილი და შემდეგ აღდგენილი ფრაგმენტების წყალობით საბოლოო შედეგი შეიძლება იმაზე უფრო ლამაზი გახდეს, ვიდრე ის დაზიანებამდე იყო.
როგორ იყენებენ ამ ტექნიკასა და ფილოსოფიას ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში?
კინცუგი კარგი ახსნაა იმისა, რომ ცხოვრებაში ყველა დაცემის შემდეგ, შეგიძლია ფეხზე წამოდგე და გახდე უკეთესი, ვიდრე მანამდე იყავი.
არ გაექცე საკუთარ ტრავმებს, ნუ ეცდები მათ ისე გაქრობას, თითქოს არც არსებობდნენ, რადგან ეს შეუძლებელია. შენ ვეღარასდროს იქნები ზუსტად ისეთი, როგორიც ტრავმამდე იყავი, თუმცა შეგიძლია გახდე უკეთესი. ამისთვის კი მნიშვნელოვანია აღიარო და ილაპარაკო შენს მტკივნეულ გამოცდილებებზე, გაიაზრო და გადააფასო ისინი და მხოლოდ ამის მერე ეცადო, გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე იყავი.
