წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში მიდიხართ, მზიანი ამინდია და უბრალოდ სეირნობთ. უცებ რაღაც აუხსნელი შიში და მოახლოებული სიკვდილის შეგრძნება გეუფლებათ. ამ დროს შეიძლება იფიქროთ, რომ გულის შეტევა გაქვთ და კვდებით, ვერ იაზრებთ თქვენს გარშემო არსებულ ვითარებასა და რეალობას – ეს პანიკური შეტევაა, რომელიც დაახლოებით 10 წუთს გრძელდება.

რა სიმპტომებით ხასიათდება და როგორ ამოვიცნოთ პანიკური შეტევა?

გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება;
კანკალი და მოხრჩობის შეგრძნება;
ტკივილი გულ-მკერდის არეში და გულისრევის შეგრძნება;
თავბრუსხვევა;
გარემოსთან შეუსაბამობის შეგრძნება (დერეალიზაცია) და საკუთარი თავის არარეალურად აღქმა (დეპერსონალიზაცია);
სიკვდილის შიში;
სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟების შეგრძნება და ჰაერის უკმარისობა.

ამ დროს სხეული ამბობს, რომ საფრთხე არსებობს, სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის. თუ ამ სიმპტომებიდან ოთხ ან მეტს თქვენს თავთან და სიტუაციასთან დააკავშირებთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგრძნებები გარშემომყოფებს ან სპეციალისტს გაუზიაროთ.

და თუ ეს სიმპტომები ქუჩაში, მეტროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაგეწყოთ, ასევე მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ ეს დროებითია და სულ რამდენიმე წუთში კარგად იქნებით. თხოვეთ თქვენს გვერდით მჯდომს წყალი ან უბრალოდ დახმარება, ისუნთქეთ ღრმად და რამდენადაც შეგიძლიათ, მშვიდად. შეეცადეთ, პირით 4 თვლაზე ჩაისუნთქოთ და იგრძნოთ, როგორ ივსება თქვენი ფილტვები ჰაერით, წამით შეჩერდით, შემდეგ კი ისევ 4 თვლაზე ამოისუნთქეთ. ეს შვებას ნამდვილად მოგგვრით.

ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს პანიკურ შეტევებს და არც ის იციან, ვის როდის ან რა ფორმით შეიძლება ჰქონდეს, თუმცა დროსთან და გამოცდილებასთან ერთად, სიტუაცია მართვადია.