
რა უნდა ვიცოდეთ “უხილავი”დაავადების შესახებ, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არაა შესწავლილი?
შემაწუხებელი ტკივილი მენსტრუაციის, სექსისა და ოვულაციის დროს, მუდმივი შებერილობა, ზურგისა და წელის ტკივილები – ეს ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, თუმცა ხშირად, საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი მოსაზრებების გამო, ამ სიმპტომებს ყურადღებას არ ვაქცევთ. სწორედ ამიტომ, მასზე ყურადღების გამახვილება და ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია.
დავიწყოთ ზოგადი ინფორმაციით:
1️⃣ რა არის ენდომეტრიოზი?
ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ენდომეტრიუმის ან მისი მსგავსი ქსოვილის გაზრდა საშვილოსნოს ღრუს გარეთ სხვადასხვა ორგანოში, სხეულის სხვადასხვა ნაწილში, როგორებიცაა საკვერცხეები, საშვილოსნოს მილები ან კედლები, შარდის ბუშტი და სხვ. დაავადება არსებობს მანამ, სანამ ადამინს აქვს მენსტრუაციული ციკლი.
2️⃣ რა იწვევს ენდომეტრიოზის განვითარებას?
ენდომეტრიოზის გამომწვი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს გენეტიკური განწყობა და მისი გამომწვევი შეიძლება გახდეს:
– გინეკოლოგიური ინფექციები;
– საშვილოსნოს დაზიანება – სასქესო ორგანოს მექანიკური ტრავმა;
– ჰორმონალური დარღვევა.
3️⃣ რა სიმპტომებით ვლინდება?
ენდომეტრიოზის მთავარი სიმპტომია მცირე მენჯის ღრუში ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე და მენსტრუალური ციკლის პერიოდში გრძელდება. ასევე, ენდომეტრიოზის შემთხვევაში, ქალებს ხშირად აღენიშნებათ ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ხანდახან ძლიერი ხასიათის ტკივილი გენიტალიის არეში აქტის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. სწორედ ამ ტკივილის გამო ხშირად ქალი სქესობრივი ცხოვრების სურვილსაც კარგავს.
4️⃣ როგორ ხდება ენდომეტრიოზის მკურნალობა?
მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, ზოგად მდგომარეობასა და სიმტპომატიკაზე. მკურნალობა ხდება მედიკამნეტოზური გზით ან ქირურგიული ჩარევით.
ხშირად გაიგებთ ფრაზას, რომ მენსტრუაციის დროს, ძლიერი ტკივილი ან სისხლდენა ნორმალურია, თუმცა თუ აღნიშნული სიმპტომები ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ნორმად აღარ ითვლება. ენდომეტრიოზის აღმოსაჩენად და დიაგნოსტირებისთვის, აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. სამწუხაროდ, ენდომეტრიოზმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ამიტომ საწყის ეტაპზე აღმოჩენა მნიშვნელოვანია.
სტატისტიკური ინფორმაციით, საქართველოში ენდომეტრიოზი უშვილობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად ითვლება, თუმცა პაციენტების უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით.
არც ერთი ტკივილი ნორმა არ არის და არ უნდა მოითმინოთ. დროული დიაგნოსტირება და დაავადების მართვა, ამსუბუქებს ყოველდღიურ პრობლემებს.
