“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაძლო მიღების მიზანი ხელისუფლებისამდი კრიტიკულად განწყობილი მედიისა და არასამათავრობო სექტორის გაქრობა, ამ ორგანიზაციების რეპუტაციის შერყევა და კონტროლია, რაც გამოიწვევს თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამოხატვის შეუძლებლობას.

ის, რაც კანონის შესახებ უნდა ვიცოდეთ:

❗კანონის მიხედვით, იმ მედია საშუალებასა თუ ორგანიზაციას, რომელთა შემოსავალში 20%-ზე მეტი დაფინანსების წილი „უცხოური ძალიდანაა” მიღებული, დაერქმევა „უცხოური გავლენის აგენტი” და ვალდებული იქნება, დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომავალში შექმნილ ვებ-გვერდზე;

❗ აგენტი არაკომერციული /არასამეწარმეო იურიდიული პირია და ვალდებული იქნება საჯაროდ (მაგალითად ვებ-გვერდზე) წარმოაჩინოს, რომ უცხოური გავლენის აგენტია;

❗რა იგულისხმება უცხოურ ძალაში?
უცხო სახელმწიფოს სისტემის მდგენელი სუბიექტი, არამოქალაქე ფიზიკური და საქართველოს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, ნებისმიერი გაერთიანება სხვა, უცხო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული.

❗ აგენტები მიმართავენ იუსტიციის სამინისტროს და რეგისტრირდებიან, სარეგისტრაციო ფორმაში კი ივსება განმცხადებლის როგორც ციფრული, ისე ფიზიკური ადგილსამყოფელი, ასევე საჯაროდ განთავსდება ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. ეს პროცესი ყოველწლიურია.

❗უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს “საჭიროების” შემთხვევაში უფლება აქვს მოიძიოს ყველაფერი, რა ინფორმაციაც კი სურს აგენტზე, მათ შორის – პერსონალური;

❗აგენტი ვალდებულია დეკლარაცია განათავსოს საჯაროდ, იუსტიციის სამინისტრო კი უფლებამოსილია აწარმოოს მონიტორინგი და აკონტროლოს დეკლარაციაში გაწერილი დეტალები. მონიტორინგი შესაძლებელია 6 თვეში ერთხელ, თუმცა გაუგებარია მიზეზი, რა მიზეზით შეიძლება ეს მოხდეს. მონიტორინგისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების გამჭირვალობაზე არაფერია კანონში ნათქვამი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ პროცესები მალულად, ერთი პირის ინტერესებიდან გამომდინარე წარიმართება;

❗აგენტად რეგისტრაციისგან თავის არიდება ჯარიმდება 25 000 ლარით, რამდენიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, გადასახადი 10 000 ლარიდან 20 000-მდე მერყეობს;

❗აგენტები ვალდებული არიან კანონის ამოქმედების შემთხვევაში, 2022 წლის დეკლარაცია წარადგინონ. ასევე, კანონის ზოგიერთი პუნქტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო რაც ბიუროკრატიულია – 60 დღეში.