
დევიდ ვოინაროვიჩი ამერიკელი მხატვარი, ფოტოგრაფი, კინორეჟისორი, მწერალი და აივ-აქტივისტი იყო. ის 1992 წელს, შიდსის თანმდევი გართულებებით გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე საკუთარი ბავშვობის ფოტოთი კოლაჟი და ტექსტი “ერთ დღეს ეს ბავშვი” შექმნა, სადაც უდანაშალობაზე, სირცხვილზე, სიძულვილზე, ჰომოფობისაა და რეპრესიული მთავრობების მიერ ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის შესახებ საუბრობს. ტექსტი მომავალ დროშია დაწერილი და გვიყვება, როგორ შეიძლება შეილახოს მომავალში ბავშვის უფლებები მხოლოდ იმიტომ, რომ გეია.
“ერთ დღეს ეს ბავშვი გაიზრდება. ერთ დღეს ეს ბავშვი ისეთ რაღაცას გაიაზრებს, რაც დედამიწის ღერძიდან მოწყვეტას უდრის. ერთ დღეს ეს ბავშვი ცხოვრების იმ ეტაპს მიაღწევს, როცა გაყოფას იგრძნობს, მაგრამ ეს მათემატიკური არ იქნება. ერთ დღეს ეს ბავშვი გულში, პირსა და საყლაპავში სიმხურვალეს იგრძნობს. ერთ დღეს ეს ბავშვი თავის გონებაში, სულსა და სხეულში ისეთ რაღაცას აღმოაჩენს, რაც შიმშილს აგრძნობინებს. ერთ დღეს ეს ბავში ისეთ რამეს გააკეთებს, რის გამოც, მღვდლის უნიფორმაში გამოწყობილები, რომლებიც ქვის ნაგებობებში ცხოვრობენ, მის მოკვლას მოინდომებენ. ერთ დღეს პოლიტიკოსები ამ ბავშვის წინააღმდეგ კანონებს შეიმუშავებენ. ერთ დღეს ოჯახები საკუთარ შვილებს ცრუ ინფორმაციას მიაწოდებენ, ისინი კი ამ ცოდნას შემდეგ თაობას გადასცემენ, რომ ამ ბავშვისთვის ცხოვრება შეუძლებელი და აუტანელი გახადონ. ერთ დღეს ეს ბავშვი ამ ყველაფრის შედეგს საკუთარ თავზე გამოცდის, რაც თვითმკვლელობამდე ან საფრთხის დევნამდე მიიყვანს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს ვინმე მაინც გამოასალმებს, ან ჩუმად, უხილავად ცხოვრებას ამჯობინებს. ან, ერთ დღეს ეს ბავშვი ხმამაღლა ალაპარაკდება.როცა ლაპარაკს დაიწყებს, ყველას შეეშინდება და მის გაჩუმებას ციხით, შეშინებით, გაუპატიურებით, ნარკოტიკებით, რელიგიით და თავის მოკვეთით შეეცდებიან. ექიმები იტყვიან, რომ მისი განკურნება შესაძლებელია, თითქოს მისი ტვინი და ცხოვრება უბრალო ვირუსი იყოს. ეს ბავშვი ხელისუფლების მხრიდან მისი პირადი სივრცისა და საზღვრების შელახვის გამო, კონსტიტუციურ უფლებებს დაკარგავს. ეს ბავშვი მედიკამენტების, ელექტროშოკის თერაპიების პირისპირ აღმოჩნდება, ეს ხომ ფსიქოლოგებისა და მკვლევრების შემოღებულია. ის სამოქალაქო უფლებების, საცხოვრებლის, სამსახურისა და ყველა სახის თავისუფლების დაკარგვას გამოცდის. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდება, რაც აღმოაჩენს, რომ საკუთარი შიშველი სხეულის სხვა ბიჭის შიშველ სხეულთან შეხების სურვილი აქვს”.
