
რა არის პრემენსტრუალური სინდრომი?
ერთ დღესაც სახლში სტუმრებისთვის გადამალული შოკოლადები მთლიანად შეიძლება შემოგეჭამოს, ტიკტოკზე ბურთით მოთამაშე ძაღლის ვიდეომ ცხარე ცრემლებით აგატიროს, 2 წამით დაგვიანებულმა შეტყობინებამ გაგაღიზიანოს და საკუთარი თავის ცნობა გიჭირდეს, თუმცა როდესაც მენსტრუაცია გეწყება, ხვდები, რომ ეს წინამდებარე პერიოდი პრემენსტრუალური სინდრომის ბრალი იყო, რომელიც ძირითადად 5-11 დღით ადრე იჩენს თავს და მენსტრუაციის მქონე ადამიანების 90%-ზე მეტს აღენიშნება.
ხასიათის ცვალებადობა, დაღლილობა, გაღიზიანებადობა პრემენსტრუალური სინდრომის დამახასიათებელი ნიშნებია, თუმცა ამას გარდა შეიძლება ფიზიკური სიმპტომებიც ახლდეს თან, როგორიცაა: შებერილობა, წელის და თავის ტკივილი, დიარეა და სხვა.
მკვლევარები პრემენსტრუალური სინდრომის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე არ არიან შეთანხმებულები, თუმცა დიდი ნაწილი ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებას უკავშირებს. ლუთეინური ფაზის დროს (ოვულაციის შემდგომი ფაზა) ჰორმონები აღწევს პიკს და შემდეგ სწრაფად იკლებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, გაღიზიანება და განწყობის სხვა ცვლილებები.
ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად კარგი ვარიანტია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და საჭირო რაოდენობით ძილი.
