
“12-13 წლის ვიყავი, ცეკვიდან მოვდიოდი, ზამთარი იყო და შესაბამისად ადრე ღამდებოდა. საღამოს 8-ზე მიმთავრდებოდა გაკვეთილი და გვიან მიწევდა სახლში მისვლა. ჩემს ჯგუფელთან ერთად მოვდიოდი ხოლმე ავტობუსით და დაახლოებით, სამი გაჩერების გავლა გვიწევდა ერთად. მერე დანარჩენ გზას მარტო ვაგრძელებდი.
ერთხელ, ავტობუსში ასვლის თანავე ვიგრძენი ვიღაც კაცის სიახლოვე, მაგრამ, ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, რადგან ისედაც ბევრი ხალხი იყო და ყველა ერთმანეთს ედებოდა. მაინც მოვერიდე, მეორე კუთხეში დავდექი. როცა ჩემი მეგობარი ჩავიდა, ეს კაცი ჩემ უკან აღმოჩნდა. ჯერ იყო და ჩემ წინ ხელის მოსაკიდებელ რკინას ვითომ არასწორად მოკიდა ხელი და არასასიამოვნო ადგილას შემეხო. ესეც ჭყლეტას და ავტობუსის მოძრაობას დავაბრალე. გამოვბრუნდი ისევ, ვიფიქრე, რომ ამ გაჩერებაზე ჩავიდოდი და სხვას გავყვებოდი, მაგრამ სანამ ავტობუსი გაჩერდებოდა ეს კაცი ისევ ჩემ წინ აღმოჩნდა. არ ვიმჩნევდი, მაგრამ ბოლოს ფეხზე დამიწყო ხელების მოჭერა. ავკანკალდი, ვცდილობდი ხელი გაეშვა, მაგრამ პირიქით, უფრო მიჭერდა. რამდენიმე წუთი ვცდილობდი თავის დახწევას, ბოლოს კი არ ვიცი, არაამქვეყნიური ხმა საიდან ამომივიდა, მაგრამ ვუღრიალე, რომ ხელი გაეწია. ამ დროს ავტობუსიც გაჩერდა, აქ ჩავდივარო დაიძახა და გაიქცა.
ავტობუსში ყველა მე მიყურებდა და ერთი სიტყვაც კი არავის დასცდენია. ვკანკალებდი და ვერ ვიგებდი, სად ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა. სახლში რომ მივედი ბევრი ვიტირე.
ამ დღის მერე ათას მიზეზს ვიგონებდი, რომ ცეკვაზე არ წავსულიყავი და საბოლოოდ ცეკვას თავი დავანებე. ავტობუსებშიც იშვიათად ავდიოდი, სულ უკან ვიყურებოდი და ყველა მელოტ კაცს ვაკვირდებოდი – ის იყო, თუ არა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არცერთ კაცთან/ბიჭთან ახლოს არ ვდგებოდი. ხშირად ვფიქრობდი, ჰყავდა თუ არა და, ან გოგო შვილი, დედა ან ვინმე, განსაკუთრებულად ახლობელი გოგო. წლებია ისევ ამ შიშით დავდივარ.”
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ. მოქმედების დროა!
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.
