
“10 წლის ვიყავი, სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი, 5 წუთიც არ მჭირდებოდა ხოლმე იქ მისასვლელად. ერთ საღამოს გვიან მომიწია სახლში დაბრუნება, სპექტაკლისთვის ვემზადებოდით და დაახლოებით, საღამოს 7-8 საათისთვის გამოვედი სკოლიდან. ჩემს სახლს ორი შესასვლელი აქვს – ქუჩის და ეზოს მხრიდან. რატომღაც იმ დღეს ჩვეულ გზას არ გავუყევი. სახლამდე რამდენიმე ნაბიჯში, ბიჭი ამედევნა. მაშინ მეგონა, რომ კაცი იყო, არადა 16 წლისაც არ იქნებოდა. ხელი გადამხვია, სხვებს ჩემ მაგივრად დაემშვიდობა და წამებში სახლისკენ გამიყოლა. ეს ისე ბუნებრივად გააკეთა დავიბენი, თუმცა მოვახერხე მისი ხელის მოშორება. მერე წელზე შემომხვია ხელი და სახლამდე დარჩენილი რამდენიმე ნაბიჯი კილომენტრებად გადაიქცა, ეს გზა არასდროს დამთავრდა.
გზაში მეუბნებოდა, რომ იცის, რა მქვია, სად ვსწავლობ და ვვარჯიშობ, ვინ არიან ჩემი მეგობრები. თან, ისე უშუალოდ მელაპრაკებოდა, თითქოს უნდა ვიცნობდე და სიახლოვის ეს ფორმა არ უნდა მიკვირდეს. იმ დროს ვერ ვხდებოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მისი ხელი წელიდან როგორ მომეშორებინა…
შიგნიდან ვკანკალებდი, მაგრამ გაყინული ვიყავი და მეგონა, რომ შორიდან მესმოდა მისი ხმა.. ბოლოს სადარბაზოში შემომყვა, ცდილობდა მისკენ მივეზიდე. ვუთხარი, რომ არ შემხებოდა, მაგრამ მითხრა, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიო, რადგან ეს მეც მინდოდა და მე გავხადე იძულებული ასე მოქცეულიყო…
უცებ კედელთან მიმაყენა, ფიზიკურად შევეწინააღმდეგე და ამ სიუხეშემ ძალა მომცა, წინააღმდეგობა გამეწია. მგონია, რომ ეს მისი ტაქტიკა იყო, უშუალო საუბრით მსხვერპლის დაბნევა. ხელი ვკარი, კიბეებზე ცოტა ჩაბარბაცდა… ხმამაღლა დავიყვირე, ის გაიყინა და გაშეშებული იდგა. გავიქეცი, კიბეები წამებში ავირბინე. ის ქვევით გაიქცა.
მალევე სახლის კარიც გამიღეს და უკანმოუხედავად შევვარდი.
ახლაც მახსოვს, სად და რა მიმართულებით გაიქცა, ალბათ სულ მემახსოვრება მისი დაბნეული ქცევა, როცა ხმამაღლა დავიყვირე.
ვფიქრობ, რომ ძალიან შევაშინე და მიხარია, რომ ეს გამომივიდა. დღემდე დეტალურად შემიძლია გავიხსენო, რა ეცვა, მახსოვს მისი ვარცხნილობაც, სუფთა ტანსაცმელი – რეცხვისგან გაუხეშებული, მაგრამ სახე 5 წუთის მერე აღარ მახოვდა და დღემდე ვერ ვიხსენებ. გამვლელებს ქუჩაში ვაკვირდებოდი ხოლმე. ვცდილობდი, რომ მისი სახე აღმედგინა. სულ მეგონა, რომ სადღაც მელოდებოდა.
ამ ამბის შემდეგ, სკოლის დამთავრებამდე, სახლის სადარბაზოსთან მშობლები მხვდებიდნენ. 8 წელი დამჭირდა, რომ შიში და ნდობა აღმედგინა უცნობების მიმართ.
მგონია, რომ დავაშავე, რადგან არ ვთქვი, არ ვუჩივლეთ, არ ვეძებეთ. სავარაუდოდ ჩემნაირად ბევრს მიაყენა ტრავმა, ალბათ უფრო ბავშვებს…
ახლა ორსულად ვარ და ზოგჯერ ისე ჩამითრევს ფიქრი, რომ ჯერ არ დაბადებული ბავშვი შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, სადაც მის დასაცავად მე არ ვიქნები. მაშინებს ამაზე ფიქრი…
პ.ს. სპეკტაკლში მონაწილება არ მიმიღია.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა. შენი ისტორიის გაზიარება შეგიძლია აქ: https://docs.google.com/…/1FAIpQLSc5TV6B9Dl…/viewform…
ფორმაზე გადასვლისას გუგლმა შეიძლება მოგთხოვთ სისტემაში შესვლა, თუმცა ეგ არის გუგლის მოთხოვნა და ავტორის ვინაობა ჩვენთვისაც უცნობი რჩება.
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ. მოქმედების დროა!
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას
