
ირანში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, 70-80-იან წლებში დამკვიდრებული ხომეინიზმი და ისლამიზმი (როგორც პოლიტიკური იდეოლოგია) ცდილობდა, ჰიჯაბი ექცია როგორც ე.წ. დროშა იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
რევოლუციის შემდეგ, ირანელი ქალებისთვის სავალდებულო გახდა ჰიჯაბის ტარება, აიკრძალა დასავლური კულტურის ნიმუშები, გამოხატვის თავისუფლება სრულად შეიზღუდა, დამყარდა რელიგიური კანონები, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებსაც კი სრულად ეწინააღმდეგებოდა.
ბანერზე, რომელიც ამ დროის ირანში განსაკუთრებულად პოპულარული იყო ვკითხულობთ: „… ჰიჯაბის ტარებით შენ ხელს კვეთ იმპერიალიზმს… იცოდე, რომ ბოროტება ჩასაფრებული იცდის, იმპერიალიზმი გეგმავს თავისუფლების სახელით გაანადგუროს ისლამური რევოლუციის მთავარი იდეა”.
ისლამური რევოლუციის ამსახველი ეს ბანერი 80-იანი წლების დასაწყისიდან ასახავს თავსაბურავში გამოწყობილ ქალს, რომელსაც ერთ ხელში აღმართული აქვს სიტყვა „ჰიჯაბი“, ხოლო მეორეში წიგნი წარწერით: „აღზევება ჯიჰადისთვის ურწმუნოებისა და ცრუმორწმუნეების წინააღმდეგ.
ამ დროის ირანში, ქალების სხეულს იყენებდნენ ისლამიზმის პოლიტიკური იდეოლოგიის დემონსტრირებისთვის, რამაც შექმნა გენდერული დისკრიმინაცია და საბოლოოდ ქალების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ქვეყნის მთავარ იდეოლოგიად იქცა.
ერთ-ერთი ირანელი ქალთა უფლებების დამცველი და მწერალი იძულებით ჰიჯაბის ტარებას ყვითელ ვარსკვლავს ადარებს, რომელსაც ნაციზმის პერიოდში ებრაელები ატარებდნენ. ირანულმა რეჟიმმა ამ უნიფორმებით ქალები “მონიშნა”. სწორედ ამიტომ, იძულებითი ჰიჯაბის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.
ქალების ცხოვრება ირანში ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. რევოლუციამდე ქალებს შეეძლოთ მიეღოთ უმაღლესი განათლება, ჩაეცვათ ის, რაც მოესურვებოდათ, ყველანაირი ნებართვის გარეშე გასულიყვნენ გარეთ ვისთან ერთადაც უნდოდათ – ახლა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, შეზღუდული აქვთ.
