
როდესაც 1939 წელს, ევროპის მასშტაბით ომის დაწყების ხმა გაისმა, საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსმა საიმედო ჯაშუში დაიქირავა – საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ქალი, ჟოზეფინ ბეიკერი. #Femwiki
წესით, საიდუმლო სამსახურის უფროსი მამაკაცებს ეძებდა, რომლებსაც შენიღბული მოგზაურობა შეეძლებოდათ, თუმცა არჩევანი ამერიკაში დაბადებულ მომღერალზე შეაჩერა.
ბეიკერი 1906 წელს, სენტ-ლუისში, სიღარიბეში დაიბადა და უმამოდ გაიზარდა. ერთადერთი, რაც განსაკუთრებულად უყვარდა, სკოლაში სიარული იყო. პირველად 13 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი კანის ფერის გამო, ხშირად გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი, ამიტომ 19 წლის ასაკში ამერიკა დატოვა და პარიზში გაემგზარვრა, რომ ფრანგულ მუსიკალურ დარბაზებში ბურლესკის მოცეკვავე გამხდარიყო. ასე მოექცა ის ჯაზის ეპოქის ეპიცენტრში, მას შემდეგ კი, რაც სიმღერა და მსახიობობა დაიწყო, ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერალი გახდა.
ბეიკერს ცნობადობა, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლიდა ჯაშუშობაში, რადგან ვერასდროს შეძლებდა ფარულად მოგზაურობას, მაგრამ სწორედ მისმა განსაკუთრებულობამ შექმნა საუკეთესო ჯაშუში ქალის ისტორია. მისი ცნობადობა ერთგვარი ნიღაბი იქნებოდა და საკუთარ გავლენას და ვარსკვლავურობას გამოიყენებდა საელჩოების წვეულებებზე დიპლომატებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.
საფრანგეთში მან იპოვა ის თავისუფლება, რომელსაც ამერიკა მხოლოდ კონსტიტუციით ჰპირდებოდა. ბეიკერი დათანხმდა ჯაშუშობას. “საფრანგეთმა გამხადა ის, რაც ვარ”, – უთხრა მან Abtey-ს. “პარიზელებმა მაჩუქეს თავიანთი გული და მე მზად ვარ, მათ სიცოცხლე დავუთმო. რა თქმა უნდა, მსურდა, ყველაფერი გამეკეთებინა საფრანგეთის დასახმარებლად, მაგრამ მთავარი მიზეზი, რამაც ისევე ძლიერად მიბიძგა, როგორც პატრიოტიზმმა იყო ჩემი სიძულვილი ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციის მიმართ”.
