ირანში არსებულმა მორალისა და ზნეობის პოლიციამ 22 წლის ქალი, მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა. დაკავებიდან რამდენიმე საათში ამინი სავადმყოფოში გადაიყვანეს, ის მალევე გარდაიცვალა.

მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად თეირანში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მორალის პოლიციის საპატრულომ – სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა.
IranWire-ის ინფორმაციით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის მანქანაშიც სცემეს.

პოლიციაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა“. მათივე თქმით, მაჰსა ამინი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო იყო დაკავებული.

დაკავებიდან რამდენიმე საათში ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ოჯახმა საჩივარი შეიტანა თეირანის პოლიციაში – მათი თქმით, ის დაკავებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამ საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს თეირანში ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს.

მორალის პოლიციის მიერ, ქალებზე ძალადობის ამსხველი კადრები არაერთხელ გავრცელდა სოციალურ ქსელებში. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის.