
სიმონ დე ბოვუარი მე-20 საუკუნის გამორჩეული ფრანგი მწერალი, ინტელექტუალი, ფილოსოფოსი, პოლიტიკური აქტივისტი და ფემინისტი იყო. #Femwiki
მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფემინისტურ თეორიაზე. ის მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ ინტელექტუალ ქალად იმ პერიოდის საფრანგეთში ჩამოყალიბდა, სადაც 1938 წლამდე ქალებს კანონისა და უფლებების ჭრილში არასრულწლოვან მოქალაქეების მსგავსად განიხილავდნენ და ფაქტობრივად ყველა უფლებას უზღუდავდნენ, სადაც სახელისუფლებო ქალთმოძულე პოლიტიკის, თუ ეკლესიის გავლენით ქალების მთავარ დანიშნულებად ოჯახის მოვლა და სახლში ყოფნა ითვლებოდა, სადაც სასწავლებლები ქალებისთვის დახურული იყო და ქალების ხმა ჯერ კიდევ არავის ესმოდა.
ბოვუარი ქალთა პრობლემებზე წერდა. მისი აზრით, ეს სამყარო მამაკაცებისთვისაა შექმნილი, ქალი კი მუდმივად კაცობრიობის მეორე ნახევრის როლშია და დროა, ღირსება აღიდგინოს, დამოუკიდებელი გახდეს.
1949 წლის ივნისში სიმონ დე ბოვუარმა თავისი ნაშრომი – „მეორე სქესი“ გამოსცა და ეს იყო ერთგვარი დუმილის დარღვევა პატრიარქალურ სამყაროში. მან „გააშიშვლა“ მამაკაცური მითების მარწუხებში მოქცეული ქალური სექსუალობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც საუბარს ხმაწართმეული ქალები მანამდე ვერ ბედავდნენ. ის წერდა ქალთა მძიმე ხვედრზე, სექსისტურ იდეოლოგიაზე, ყოველდღიურ სინამდვილედ ქცეულ მიზოგინიაზე (ქალთმოძულეობაზე), გოგონათა არასწორ აღზრდასა და ქალწულობის ინსტიტუტზე.
“სიმონ დე ბოვუარი,– ქალი, რომელიც თამამად უხმობს ქალებს და უჩვენებს მათ ნანატრი თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას!” — წერდა აღფრთოვანებული ფრანგული პრესა.
„მას (ქალს) ჯერ ფრთებს აჭრიან, შემდეგ საყვედურობენ, რომ ფრენა არ შეუძლია.” – სიმონ დე ბოვუარი
