კოსოვოში მომიტინგეები 11 წლის ბავშვის გაუპატიურების შემდეგ სახელმწიფო უწყებებს მოქმედებას სთხოვენ.
30 აგვისტოს ათობით ადამიანი პრიშტინის მთავარ მოედანზე შეიკრიბა, რათა გამოეხატათ პროტესტი შაბათ-კვირას ქალაქის პარკში 11 წლის გოგონას გაუპატიურების გამო.

პოლიციამ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. პრიშტინის სასამართლომ ორ მათგანს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

„მარცხი არა მხოლოდ სახელმწიფომ და სახელმწიფო ინსტიტუტებმა განიცადეს, არამედ ჩვენ ყველანი დავმარცხდით იმ დღეს, როცა 11 წლის ბავშვის გაუპატიურების გამო სათანადოდ არავინ დაისაჯა.” – განაცხადა პრიშტინელმა ჯერალდინა რეჯეპიმ პროტესტის დროს.

ამ წლის მაისში, BIRN-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ კოსოვოს მოსამართლეები ძირითადად მსუბუქ გადაწყვეტილებებს იღებენ სექსუალური ძალადობის საქმეებზე.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2015 წლიდან 2020 წლამდე პროკურორებმა სექსუალური ძალადობისთვის 521-ზე მეტი ბრალდება წარადგინეს, მაგრამ მხოლოდ 140 განაჩენზე იყო თავისუფლების აღკვეთა, 189 საქმე ჩაიშალა ხანდაზმულობის გამო, ხოლო 79 – დასრულდა ჯარიმითა და პირობითი სასჯელით.