ელიფ შაფაქი ორენოვანი თურქი მწერალია, რომელიც თურქულ და ინგლისურ ენებზე წერს. ის თანამშრომლობს აშშ-ს და ევროპის პრესასთან, არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი, ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში. შაფაქი თავის წიგნებში საკმაოდ მძიმე თემებზე საუბრობს, წიგნების უმეტესობა ისტორიული ელემენტებითაა სავსე.
ელიფ შაფაქის წიგნი „ღირსება” მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რა არის ღირსება, როდის შეიძლება ადამიანი ღირსეულად ჩაითვალოს და როდის – არა. ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრი არსებობს ღირსების შესახებ. ეს წიგნი კი ავტორმა ღირსების ისეთი გაგების დასაგმობად დაწერა, რომელსაც თანამედროვე სამყაროში ჯერ კიდევ ვებრძვით და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის მენტალიტეტშიც არსებობს.
წიგნის სიუჟეტი ქურთულ სოფელში იწყება და ლონდონში გრძელდება. ტყუპი დების, ბედისწერასა და საკმარიასას, გაჩენიდან მოყოლებული მათი ცხოვრების დეტალები იმდენად რეალურად და სიზუსტითაა აღწერილი, რომ თითქოს მათ სახლებში ჩვენც, მკითხველებიც ვცხოვრობთ. გოგოები ისეთ სოფელში დაიბადნენ, სადაც ქალები შვილებს იქამდე აჩენენ, სანამ ვაჟი არ ეყოლებათ. ქალების ერთადერთი დანიშნულება გათხოვება, ვაჟების გაჩენა და ოჯახისთვის „ღირსების” შენარჩუნებაა. სწორედ ამ გაუგებარი ღირსების გამო ოჯახში უამრავი ტრაგედია ტრიალდება.
„ღირსების” აღმოსავლური გაგება, რომელიც წიგნშია აღწერილი, არც საქართველოსთვის და ქართველებისთვისაა უცხო. აღმოსავლური მენტალობის მქონე ხალხში არსებობს შეხედულება, რომ „ღირსება” ქალის სხეულშია ჩადებული და მისი ერთადერთი მოვალეობა ამ ღირსების დაცვა და შენარჩუნებაა, თითქოს ქალის პასუხისმგებლობა კაცისგან განსხვავდება.
წიგნის ყველა პერსონაჟს თავისებური შეხედულება აქვს ღირსებასა და დანაშაულზე, აქ ვერ შეხვდებით ცალსახად დადებით ან უარყოფით პერსონაჟებს. წიგნში აღწერილ ტრაგედიაში ყველა დამნაშავე და ამავდროულად ყველა მსხვერპლია. პატარა საიდუმლოებით დაწყებული ოჯახის ტრაგედია თქვენც გადაფიქრებთ, თუ როგორი რთულია ქალისთვის, შეინარჩუნოს „ღირსება”.
“თურმე, ქალები მსუბუქი, თეთრი ბატისტისგან იყვნენ შეკერილები, კაცები კი სქელი, მუქი ნაჭრისგან. უფალმა ასე შეკერა ქალი და კაცი: ერთი მეორეზე აღმატებულია. რატომ მოიქცა უზენაესი ასე, ეს ადამიანების საქმე არ იყო. მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ მუქ ნაჭერზე ლაქები არ ჩანდა, თეთრზე კი მტვრის ნაწილაკიც კი შესამჩნევი იყო.”

