
თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანელი ქალები იძულებულები იქნებიან, სახე დაფარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალის მეურვე კაცი სამი დღით ციხეში ჩაჯდება.
თალიბანმა ავღანეთში ბურქის ტარების აუცილებლობა 1990-იან წლებში, პირველი მმართველობის დროს შემოიღო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს სავალდებულო არ ყოფილა და ეს საკითხი შარშან გადატრიალების შემდეგაც არ დამდგარა. ავღანეთში ბევრი ქალი ატარებს ბურქას, თუმცა ზოგიერთი, განსაკუთრებით ქალაქებში, მხოლოდ თმას იფარავს თავშლით, მაგრამ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, საჯარო სივრცეში ბურქის ტარება ყველასთვის სავალდებულო ხდება.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ „რჩევაა”, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები გაწერეს მათთვის, ვინც ამ „რჩევას” არ დაემორჩილებოდა: თავდაპირველად “დამრღვევის” სახლში მივლენ და ოჯახში კაცს გაესაუბრებიან; შემდეგ მეურვე კაცს სამინისტროში დაიბარებენ; ხოლო ბოლოს, მეურვე კაცს სასამართლოში მიიყვანენ და შესაძლოა სამი დღით ციხეშიც ჩასვან.
ჩვენ ვრჩებით ავღანელი ქალების გვერდით და ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ დაიბრუნონ არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმით საკუთარი პიროვნებისა და რწმენის გამოხატვის საკითხებში. მათი ეს უფლება არ უნდა განისაზღვროს პოლიტიკური და რელიგიური ავტორიტეტების მიერ.
