რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბუჩაში ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ, 85 წლის ასაკში სამოციანი წლების უკრაინელი მხატვარი, ვასილი სტუსის პრემიის ლაურეატი ლიუბოვ პანჩენკო გარდაიცვალა.

პანჩენკო ყოველთვის ამბობდა, რომ ის შორს იყო პოლიტიკისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭოთა პერიოდში მას ნამუშევრების გამოფენა აკრძალული ჰქონდა. ის აგროვებდა ფულს „ანტი-საბჭოთა პროპაგანდისთვის“ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების დასახმარებლად და ცდილობდა მათ დახსნას ციხისგან.

მოდის დიზაინი პანჩენკოს მოწოდება იყო. ერთადერთი, რისი გამოფენაც საბჭოთა კავშირის დროს შეეძლო სწორედ მისი ნაქარგების ესკიზები იყო. მისი ნაქარგი კოსტიუმები ძალიან პოპულარული იყო უკრაინელ ინტელიგენციაში. მან შექმნა უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს არტისტების შთაგონების წყარო გახდა. კრემლის ზეწოლის მიუხედავად, საბჭოთა ცენზურის პერიოდში, ცდილობდა განევითარებინა უკრაინული კულტურა.

უკრაინის ეროვნული კულტურა მისი პიროვნებისთვის, როგორც ხელოვანისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო. საუბრობდა უკრაინულად, უკრაინულ ხალხურ მოტივებსა და ორნამენტებს იყენებდა ნახატებსა და ესკიზებში. მისი ნამუშევრების ოკუპაციისგან გადასარჩენად, პანჩენკომ ისინი კიევის სამოციანელთა მუზეუმს გადასცა.

მიმდინარე პერიოდში, ოკუპირებულ ბუჩაში ხანგრძლივი შიმშილით გამოფიტული ლიუბოვ პანჩენკო 2 აპრილს დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი საწოლს იყო მიჯაჭვული და მუდმივი მოვლა სჭირდებოდა.