„რაც უფრო მეტი განათლებული ქალი გვეყოლება, მით უფრო განათლებული საზოგადოება გექნება. ეს არ არის “ფემინისტური წინასწარგანწყობა”, ეს – ფაქტია”. – ამბობს მარჯან სატრაპი, ირანული წარმოშობის ფრანგი გრაფიკული რომანისტი, კინორეჟისორი, ილუსტრატორი და საბავშვო წიგნების ავტორი. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანი „პერსეპოლისი”, რომელიც ავტორმა 2000 წელს გამოაქვეყნა.
წიგნში პატარა ირანელი გოგონას ცხოვრებაა აღწერილი. მარჯან სატრაპი საკუთარ ბავშვობაზე გვიყვება და პარალელურად აღწერს ერაყთან ომსა და ისლამურ რევოლუციას, რეპრესიებს, შეზღუდვებს, საზოგადოების განათლებული ნაწილის სრულ უიმედობას და რელიგიური პოლიციის ტერორს. ის აღწერს გზას, რომლითაც ქვეყანა განვითარების უფრო ადრეულ საფეხურზე ბრუნდება – როცა ნორმიდან მცირედი გადახვევაც კი დანაშაულად ითვლება.
წიგნი ისლამური რევოლუციით იწყება, რომლის დროსაც მთავარი გმირი, მარჯი, მხოლოდ ათი წლისაა. ის ცვლილებები რაც ქვეყანაში ხდება მასში პროტესტს იწვევს, შინაგანად დასცინის ყველა ახალ წესს. საბოლოოდ ვენაში აღმოჩნდება, მშობლებმა სიტუაციას განარიდეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ განათლებული, ისლამურ ფანატიზმთან დაპირისპირებული ოჯახიდანაა, უჭირს ევროპულ კულტურასთან მორგება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები ირანთან და ირანელებთან დაკავშირებით განსაკუთრებით თრგუნავს, საბოლოოდ კი ირანში დაბრუნებას გადაწყვეტს.
ქვეყანაში დაბრუნებულ მარჯანს სიღარიბე, შეზღუდვები და ჩაკეტილობა ხვდება, თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც თავისუფლება ჯერ კიდევ ფასეულია, სწორედ ამ ადამიანების დახმარებით ის ცდილობს ადაპტირდეს სახეშეცვლილ ირანში, თუმცა რთული წლების შემდეგ საბოლოოდ ტოვებს ქვეყანას და საფრანგეთში მიემგზავრება.
წიგნი მებრძოლ ქალზეა, რომელმაც უარი თქვა თავსაბურავის ტარებაზე და თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი ცხოვრება აირჩია.
ტექსტი: ნინი როხვაძე
ვიზუალი: ელენე ქათამაძე

