რამდენიმე ფაქტი ქალების შესახებ პირველი მსოფლიო ომის დროს:

1. დასაქმებულ ქალთა რაოდენობა გაორმაგდა

პირველ მსოფლიო ომამდე, ქალების უმეტესობა ფერმებში, ტექსტილის ქარხნებში მუშაობდა, ნაწილი კონცენტრირებული იყო საშინაო საქმეზე. ომის დროს, ქალების დასაქმება დაახლოებით 20%-დან 40%-მდე გაიზარდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, ქალები მუშაობდნენ ქვანახშირის მაღაროებში, ლაბორატორიებში, ქარხნებში, ჯარში, ავტობუსისა და სასწრაფო დახმარების მძღოლად.

2. პირველი პოლიციელი ქალი პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა და ცნობილი იყო, როგორც ქალი პატრული

ომის დროს პირველი ქალი ოფიცრები მსახურობდნენ. ისინი პატრულირებდნენ უბნებში, რკინიგზებზე, ავტობუსის სადგურებსა და პარკებში.

3. ზოგიერთ ქალს ქარხნებში მუშაობისგან კანი გაუყვითლდა

ასობით ათასი ქალი, რომლებიც ქარხნებში მუშაობდნენ, დიდხანს იმყოფებოდნენ არაჯანსაღ პირობებში მავნე ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ. მათ კანი ტოქსიკურ ქიმიკატებთან კონტაქტის გამო უყვითლდებოდათ, რადგან ეფექტური დამცავი ტანსაცმლისა და უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობდნენ. დაახლოებით 400 მათგანი გადაჭარბებული მავნე ნივთიერებების ზეგავლენის შედეგად გარდაიცვალა.

4. ქალებმა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლა გააძლიერეს

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უფლებისთვის პირველ მსოფლიო ომამდეც იბრძოდნენ, ამ დროს გაძლიერდა ქალთა გაერთიანება (WSPU – Women’s Social and Political Association) და შედეგად, ქალს, რომელიც 30 წელს გადაცილებული იყო, შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. (1918 წელი)
1919 წელს, ლედი ასტორი პირველი ქალი გახდა, რომელმაც პარლამენტში ადგილი დაიკავა.

5. პოპულარული გახდა ქალთა ფეხბურთი

ქალების დიდი რაოდენობით ერთად მუშაობამ ქალებისთვის დასვენებისა და გართობის ახალი შესაძლებლობები შექმნა. სპორტი მომუშავე ქალებში წახალისებული იყო, რადგან ითვლებოდა, რომ ის კარგია მათი ჯანმრთელობისთვისა და ზოგადი კეთილდღეობისთვის. საბრძოლო მასალის ბევრმა ქარხანამ საკუთარი ქალთა საფეხბურთო გუნდები შექმნა. ამ გუნდებიდან ყველაზე ცნობილი იყო Dick, Kerr’s Ladies FC პრესტონში. მიუხედავად იმისა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს, 1921 წელს ქალებს აეკრძალათ ფეხბურთის ლიგის მოედანზე თამაში.

ტექსტი მოამზადა ნინი როხვაძემ