#grlzბიბლიოთეკა

შირინ ებადი ირანელი მოსამართლე, მწერალი და მასწავლებელია. ის პირველი ირანელი მუსლიმია, რომელმაც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღო.

შირინ ებადის წიგნი “ოქროს გალია” მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში. წიგნი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც პოლიტიკურმა უთანხმოებამ სრულად გაანადგურა. ოჯახი ხომ სახელმწიფოს სარკეა და წიგნშიც ნათლად ვხედავთ, რას უშვება პოლიტუკური აზრთა სხვადასხვაობა და საკუთარი აზრის ფანატიკური რწმენა დიდ ,,ოჯახებს’’. სამი ძმა განსხვავებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა იმდენად გააუცხოვა, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და ვერც ერთადერთმა დამ მოახერხა.

შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, იმ ადამიანებზე, რომლებიც მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს და ქვეყანაში გაბატონებულ პოლიტიკას. წიგნი იმ ოჯახებზეა, რომელთაც ყველაფერი თავზე ენგრევათ და მშველელიც არსაიდან ჩანს. მთავარი კი ისაა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში, არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ ოჯახისწევრები და მეგობრები გაგვახსენდება, თუმცა ისინი, შეიძლება, ჩვენივე შეცდომების გამო, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.

“ცხოვრებაში ბევრი რამისთვის შეიძლება იბრძოლო: სამშობლოსთვის, ძალაუფლებისთვის, ქვეყნის მართვისთვის, რეჟიმის დასამყარებლად, თუმცა ამ მარათონში შეიძლება ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგო სამუდამოდ და, სწორედ მაშინ, როცა დიდი გამარჯვებების ზეიმის დრო დადგება, ყველაფერი აზრს დაკარგავს, რადგან შენ გვერდით არავინ იქნება, ვისაც უანგაროდ უყვარხარ.”

არაფერი არ ღირს იმად, რომ ადამიანური ურთიერთობები დათმო. ეთანხმებით?

ტექსტი: ნინი როხვაძე
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე