#grlzბიბლიოთეკა

ელის უოკერი აფრო-ამერიკელი ნოველისტი, ესეისტი და პოეტია. ის პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს. წარმატება და აღიარება ნოველამ – “იისფერი” მოუტანა, თუმცა შინაარსის გამო არაერთი ცენზურა გაიარა.

“იისფერი’’ არის წიგნი, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ ქალების ყოფაზე. წიგნის მთავარი გმირი სილია, რომელიც პირველ პირში გვიყვება, აფრო-ამერიკელი ქალების ცხოვრების შესახებ 1930-იან წლებში. ის ბავშობიდან ძალადობის, სხვების სურვილებისა და მოთხოვნილებების მსხვერპლია. სილი საკუთარი მძიმე დღეებისა და წუთების შესახებ ვერავის ესაუბრება, თუმცა ვერც ჩუმად ყოფნას ახერხებს და საბოლოოდ ლაპარაკს იწყებს. ლაპარაკს იწყებს ღმერთთან.

ელისი წიგნში ღიად საუბრობს პედოფილიაზე, ძალადობაზე, რასიზმსა და უთანასწორობაზე. ამ ძირითადი თემების პარალელურად, ვხედავთ, როგორ იზრდებიან და თავისუფლდებიან წიგნის მთავარი გმირი ქალები. ისინი სწავლობენ საკუთარი თავისა და სხეულის სიყვარულს, ეხმარებიან და გვერდში უდგანან ერთმანეთს.

მთავარი ყოველთვის ისაა, რომ არასდროს დავკარგოთ ბრძოლის იმედი, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა არ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ.
“მე არ ვიცი, როგორ ვიბრძოლო. მარტო ის ვიცი, რანაირად ვიცხოვრო, რომ ცოცხალი დავრჩე.”

როცა ყველაზე ცუდად ხართ, ვის ელაპარაკებით?

ტექსტი: ნინი როხვაძე
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე