
#grlzბიბლიოთეკა
ძალიან ჭკვიანმა და გამბედავმა ქალმა, თანამედროვე ინდოელმა მწერალმა არუნდატი როიმ 35 წლის ასაკში დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი ,,წვრილმანების ღმერთი“, რომელმაც ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული – ბუკერის პრემია მოიპოვა.
ისტორია იწყება რაჰელის სახლში დაბრუნებით, გაუცხოებით და ესტას მოულოდნელი ჩამოსვლით. ესტა და რაჰელი. რაჰელი და ესტა. ტყუპები, რომელთა ხასიათს, ცხოვრებას, ერთმანეთთან კავშირსა და გარემოს მიმართ დამოკიდებულებას წიგნის კითხვის დროს თანდათან უფრო ახლოს გაიცნობთ.
წიგნში შევხვდებით უამრავ თემას, მათ შორის კომუნიზმსა და კოლონიალიზმს, კასტურ წყობასა და მისგან გამოწვეულ ტრაგედიებს. მაგრამ მთავარი თემა სიყვარულია.
“წვრილმანების ღმერთი” წვრილმანებიდან ყველაზე მნიშვნელოვანის და აუცილებელის გამორჩევას გვასწავლის – სანამ გველებივით ძველ, ნაიარევებით გაჟღენთილ ტყავს არ გამოვიცვლით, სანამ არ გვეცოდინება, რომ სიყვარულს თავისი კანონები აქვს, სანამ არ ვისწავლით, ვინ უნდა გვიყვარდეს და როგორ, რაოდენ თავდავიწყებით – ყველაფერი წვრილმანია.
ვისაც წაკითხული გაქვთ, თქვენ შეძელით წვრილმანების მიღმა, მთავარი სურათის დანახვა?
ტექსტის ავტორი: ნინი როხვაძე
