„ვმუშაობდი სამედიცინო კომპანია შპს „მედიგრუპში“ და ორსულობის გამო დამჭირდა დეკრეტული , ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის გამო გაიგეს, რომ ვიყავი ორსულად (არ მინდოდა გაეგოთ, რადგან ჩემამდე თანამშრომელი გაუშვიათ ორსულობის გამო). ამ ბიულეტინის გახსნიდან 1 კვირაში გავედი სამსახურში (მანამდე წოლითი რეჟიმი მქონდა) და მითხრეს: „იცით, ხომ ხედავ, რომ არ შეგიძლია მუშაობა და არც ჩვენ დაგვაკარგინო დრო და შენს თავს მიხედე“. არც დანაზოგი მქონია, მითუმეტეს გაფორმებული მქონდა ხელშეკრულება ისეთი, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, 1 თვის ხელფასი უნდა ჩაერიცხათ. მიუხედავად ამისა, არანაირი ანაზღაურება და პლუს, 14 დღე რაც ვიმუშავე, ეგეც არ ჩამერიცხა, საერთოდ ისე გამომიშვეს.

ძალიან მძიმე ემოციური ფონი მქონდა, მხოლოდ ვტიროდი. ზოგადად, ამ მომენტში ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იურიდიულ დახმარებას, მითუმეტეს თუ არ მიწევს თანხის გადახდა. მეგობარმა მითხრა, რომ იყო ესეთი ორგანიზაცია „საია“ და არაფერს დავკარგავდი, თუ მაინც მივიდოდი დახმარების სათხოვნელად. 1%-ითაც არ მიფიქრია, რომ რამე დახმარებას მივიღებდი და ამგვარი ფიქრებით მაინც წავედი, რადგან თან ახლოს მქონდა ეს ოფისი. რომ მივედი, ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა, ვთქვი თუ არა ჩემი მდგომარეობის შესახებ (იგულისხმება ორსულობა), უკანა კარებიდან შემიშვეს. ბატონი გიორგი ანთაძე იყო, რომელმაც მითხრა, რომ მიმიღო. დეტალურად მოვუყევი ჩემი პრობლემის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, დამპირდა, რომ აუცილებლად დამეხმარებოდა და ჩემს პრობლემას არ უგულებელყოფდა, სარჩელსაც მომიმზადებდა და დეტალებსაც (სახელფასო, ბანკის ამონაწერი, რაც სარჩელში იყო საჭირო, ეს ყველაფერი უნდა მიმეტანა მისთვის უახლოეს პერიოდში).

„მოდი, მაინც არაფერს ვკარგავ“ – ამ პათოსით მივუტანე ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ამის შემდეგ მალევე დაინიშნა პროცესი, ბატონი გიორგი ბოლომდე გვერდში მედგა და საბოლოო ჯამში, დიდი შრომის ფასად (რადგან პირველ ინსტაციაში გავიმარჯვე და ჩემს სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ამ კომპანიამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება) საკმაოდ სოლიდურ თანხაზე გავედი, 16 000 ლარი ავიღე მახსოვს. ალბათ, ვალში ვიქნები გიორგი ანთაძესთან სიცოცხლის ბოლომდე, რადგან მაქსიმალურად დამეხმარა და გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა და მითხრა, რომ ვინმეს სანაცნობო წრეში მსგავსი გამოცდილება თუ ექნებოდა, მიმესწავლებინა ეს ორგანიზაცია და დაეხმარებოდნენ.”

თუ თვლი, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ხარ, დაუკავშირდი ორგანიზაციას კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality

ილუსტრაციის ავტორი: ელენე ქათამაძე