“მეგობრები „ფეისბუქ ჩათში“ ვსაუბრობდით ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, სადაც რამდენიმემ გააზიარა აქცია: თუ შეიძენდი ერთ წყვილ ფეხსაცმელს, ერთის ფასად მეორეს იყიდდი შენი პარტნიორისთვის. ანალოგიურად იყო საათებზეც (როგორც ჩანს მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებზე იყო გათვლილი). დამაინტერესა და მაშინვე დავრეკე, დაუფარავად განვაცხადე, რომ ჩემი შეყვარებული იყო ბიჭი და ვიკითხე, შემეძლო თუ არა ამ აქციით სარგებლობა. ორივე შემთხვევაში ერთნაირი მდგომარეობა დამხვდა: დამცინეს, გადაიხარხარეს და ვითომ მენეჯერს დაუძახეს გასარკვევად. მიხსნიდნენ, რომ ეს სისტემურად ასე იყო და სხვანაირად არ შეიძლებოდა.

ეს ყოველივე მე ჩავიწერე და გადავეცი „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. ძალიან გაიწელა საქმე, დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა. შედეგად მივიღე ის, რომ სასამართლომ ეს ადამიანები დამნაშავედ სცნო დისკრიმინაციულ მოპყრობაში და თითოეულს მორალური ზიანისთვის დააკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. მათთან კომუნიკაცია მხოლოდ იურისტს ჰქონდა.

ეს სიახლე, რომ სასამართლო პროცესი მოვიგე გავაზიარე თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც ასევე გავხდი კრიტიკის მსხვერპლი. ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება, მეწარმის ნება თავისუფალია და შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, თუ ვის მიჰყიდის პროდუქციას. მე დამადანაშაულეს, თუ როგორ გავბედე და სახელმწიფოს გადავეცი ინსტრუმენტი, ჩარეულიყო ბიზნესის საქმიანობაში. ძალიან დავბულინგდით მე და ჩემი მეგობრები, რადგან გვიმტკიცებდნენ, რომ ეს არ არის დისკრიმინაცია და ბიზნეს სექტორს როგორც მოეპრიანება, ისე მოიქცევა.

იმ პერიოდში სოციალურ აქტივიზმში საკმაოდ ვიყავი ჩაფლული და თითქოს ყველა დარტყმას ვუმკლავდებოდი. რომ დავრეკე, მაშინაც ველოდი, რომ უარით გამისტუმრებდნენ. მჯეროდა, რომ საჭიროა გავუმკლავდე დიკრიმინაციულ და არასამართლიან სისტემასთან ერთად ეკონომიკურ ჩაგვრასაც. თუმცა, რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი , მიწევდა იურისტთან მუშაობა, რაღაც კონკრეტული საკითხების დამოწმება და იმის წარმოდგენა, რომ ბიზნეს სექტორს ნებისიერ დროს შეიძლება უფლება ჰქონდეს რაღაცის მოყიდვაზე უარი განმიცხადოს ორიენტაციის ნიშნით, უფრო და უფრო მეტ სიბრაზეს იწვევდა ჩემში.

ანტიდისკრიმინაციული კანონი გახდა ის საფუძველი, რის შედეგადაც ვუჩივლე ამ დაწესებულებას. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი საკმაოდ მინიმალური იყო, ვინაიდან ასე თუ ისე ახალი კანონპროექტია და დახვეწა სჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ჰქონდეს კანონის სახე და შემდეგში უფრო დაიხვეწოს. მინიმალისტური იყო დასჯის მექანიზმი, რადგან მე ბევრად მეტი ზიანი მივიღე როგორც მორალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე დამნაშავე პირებმა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სისტემური ჩაგვრა. როცა ეს ამბავი გავახმაურე, ამ სისტემის გარდა საზოგადოებისგანაც მივიღე ცუდი დამოკიდებულება. რთულია, როცა მარგინალიზებული ხარ და სამყარო შენი სექსუალური ორიენტაციის გამო არასრულფასოვან ადამიანად აღგიქვამს. ძალიან ბევრი შრეა ზარალის, რაც მე განვიცადე, მაშინ, როდესაც ბიზნეს სექტორისთვის ეს მხოლოდ ას ლარიანი ტრანზაქცია იყო და სიმბოლური დასჯის სახე ჰქონდა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მოსამართლეც შინაგანად ეთანხმება ბიზნესის გადაწყვეტილებას და აქეზებს ჰომოფობიას, რადგან მინიმუმ იმის თქმა შეეძლო, რომ ეს ფაქტი დაუშვებელია. მორალური ზიანის გარდა, ირიბად ეკონომიკური ზარალიც მივიღე, როდესაც აქციით სარგებლობაზე უარი განმიცხადეს.”

თუ თვლი, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ხარ, დაუკავშირდი ორგანიზაციას კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality

Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა ✔