“2009 წელს ლონდონში წავედი სასწავლებლად. ჩასვლიდან ერთ თვეში ის ორსართულიანი, წითელი ავტობუსი დამეჯახა. მერე რამდენიმე დღე არ მახსოვს… დამიზიანდა სამწვერა ნერვი, ვეღარ ვამოძრავებდი სახის მარცხენა მხარეს, რაც ნიშნავდა ნახევარი პირით გაცინებას, დაზიანებას თვალზე, წარბზე, ცხვირზე და ყურზე. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, რაღაც პერიოდი ფრენა არ შეიძლებოდა, ამიტომ მომიწია ლონდონში დარჩენა.
ადვილი არ იყო, თუმცა დავუმეგობრდი ახალ ეკას, რომელიც სარკიდან მიყურებდა. შეგუების პროცესს მიადვილებდნენ იქაური მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც ყოველთვის ოპტიმისტურად მხვდებოდნენ და გარეგნულ ცვლილებას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ცხოვრება ჩვეულებრივი იყო და არც მიფიქრია მობრეცილ სახეზე ნერვიულობა.
დავბრუნდი საქართველოში. სახის დაზიანების გარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის აღარ მაწუხებდა, ამიტომ გადავწყვიტე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი და მივედი უნივერსიტეტში. იქიდან სხვა ადამიანი დავბრუნდი. ლექტორები, სტუდენტები, ყველა სიბრალულის თვალით მიყურებდა. “ეგრე უნდა იყო ახლა სულ?” “რა ლამაზი გოგო იყავი” და ყველაზე დაუვიწყარი ფრაზა ლექტორისგან, “ვერ გიყურებ ასეთს, ცუდად ვხდები და თუ გაისწორებ სახეს, მერე მოდი”.
რამდენიმე კვირა გავძელი და სახლში გამოვიკეტე ერთი წლით. დავდიოდი მარტო ექიმებთან, შამანებთან, გურუებთან. სახე მეტნაკლებად აღმიდგა, თავდაჯერებაც მომემატა და სახლიდანაც გამოვძვერი.
ამ ჩემი პატარა თავგადასავლის დროს გამოვცადე საზოგადოების ორი განსხვავებული დამოკიდებულება და დავინახე, თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომ, გთხოვთ, როცა თქვენგან განსხვავებულს დაინახავთ ქუჩაში, სიბრალულის გრძნობა არ გაგიჩნდეთ, ან მთელი ძალით ეცადეთ მაინც, რომ დამალოთ!”
ციფრული წიგნის სანახავად გადადით ბმულზე:
https://selflovestories.ge/

