
იულია ფაილოძე, ნინო კალანდაძე, შუშანა თუმანიშვილი, ვაიდე გვარიშვილი – პირველი ქართველი მეზღვაური ქალები. #femwiki
ნინო, იულია, ვაიდე და შუშანა ის გოგონები იყვნენ, რომლებმაც გაბედეს, ოჯახს წინააღმდეგობა გაუწიეს და ოცნების ასასრულებლად ბოლომდე იბრძოლეს. 1936 წელს, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ოთხივე მათგანმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში გემწამყვანობის შესწავლა დაიწყო, ხოლო როცა პრაქტიკული სამუშაოების გავლის დრო დადგა, რისთვისაც სტუდენტების ოჯახების თანხმობა იყო საჭირო, გოგონებმა ტექნიკუმში მშობლების ნაცვლად სხვა ადამიანები მიიყვანეს.
სწავლის დასრულების შემდეგ, ოთხივე ახალგაზრდა ქალმა გემზე მუშაობა მალევე დაიწყო. ისინი იბრძოდნენ მეორე მსოფლიოში ომშიც.
იულია ფაილოძე ზღვაში ყველაზე დიდხანს, 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი კაპიტნის მეორე თანაშემწედაც დააწინაურეს, თუმცა ოცნება ვერ აისრულა და კაპიტანი ვერ გახდა.
ნინო კალანდაძე ბარენცის ზღვაში ცურვისას, 23 წლის, გერმანელების დაბომბვისას დაიღუპა.
შუშანა თუმანიშვილი ბაქოში დაქორწინდა, იქ დარჩა საცხოვრებლად და საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
ვაიდე გვარიშვილი 1953 წელს, ბათუმში გარდაიცვალა.
სამწუხაროდ, ოთხი ძლიერი და წარმატებული მეზღვაური ქალის ზღვაოსნური კარიერა და ოცნებები მაშინ დასრულდა, როცა 1948 წელს საბჭოთა კავშირში ქალებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
