მეორე ტალღის ფემინიზმი, რომელიც განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელითაცაა ცნობილი, განსაკუთრებით აქტიური მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე გახდა. #FemFacts

მეორე ტალღის ფემინისტების მიერ წამოჭრილი პრობლემები ძირითადად ქალის სხეულს, გენდერული როლების სოციალურ კონსტრუირებასა და ქალის ჩაგვრის ბიოლოგიური თუ იდეოლოგიური გამართლებების ამორალურობას ეხებოდა

აქტივისტები საუბრობდნენ ქალების სექსუალური თავისუფლებისა და ქალის მიერ საკუთარი სხეულის კონტროლის უფლების აუცილებლობაზე. სწორედ ამის გამოხატულება იყო ცნობილი სლოგანი – “პირადი პოლიტიკურია”

მეორე ტალღის ფემინისტები იბრძოდნენ კონტრაცეფციისა და აბორტის ლეგალიზებისთვისაც. მოითხოვდნენ ლესბოსელი დედების უფლებების დაცვას, განქორწინების უფლებასა და ნებისმიერი სახის სექსუალური ძალადობის აღკვეთას

ეს მოძრაობა უყურადღებოდ არც შრომით საკითხებს ტოვებდა. ქალებმა მოითხოვეს თანაბარი სამუშაო პირობები და ანაზღაურება, საოჯახო საქმიანობის, როგორც ეკონომიკური შრომის აღიარება. წამოჭრეს მკაცრად განსაზღვრული გენდერული როლების გადახედვის აუცილებლობაც. მაგალითად, ბავშვის აღზრდისა და საოჯახო საქმის ქალსა და მამაკაცზე თანაბრად გადანაწილების პრობლემა

აღსანიშნავია ისიც, რომ ფემინიზმის მეორე ტალღა ბრძოლის პირდაპირი და რადიკალური მეთოდებით გამოირჩეოდა. ეწყობოდა დემონსტრაციები, იქმნებოდა ქალთა ცნობიერების ასამაღლებელი ჯგუფები, გამოიყენებოდა სათქმელის „პირში მიხლის“ ტექნიკა და სხვა

მიუხედავად სირთულეებისა, ფემინიზმის მეორე ტალღამ შეძლო, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ფართო საზოგადოების მხარდაჭერა მოეპოვებინა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation