ქალთა უფლებების დამცველმა და პუბლიცისტმა კატო მიქელაძემ განათლება მოსკოვსა და ბრიუსელში მიიღო. ბრიუსელის შემდეგ, პარიზში დასახლდა, სადაც საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.
საქართველოში დაბრუნებულმა შემოიკრიბა თანამოაზრეები და აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქალთა სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისთვის.
1917-18 წლებში მან ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი “ქალთა ლიგა”, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. ამასთან ერთად ის გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა”, სადაც კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური გამოცდილება. გაზეთი უამრავ ქალს ეხმარებოდა თვითრეალიზაციაში.
კატომ ცხინვალში ცხოვრების დროს დააარსა ბიბლიოთეკა, სცენის მოყვარულთა წრე, დადგა უფასო წარმოდგენები, ხოლო ქუთაისში, აქტიურად ასწავლიდა ფრანგულ ენას.
✨ 2013 წლიდან, არსებობს კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელიც დააწესა “ქალთა ფონდმა საქართველოში”, რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ.

