მანალ ალ შარიფი #Femwiki

მანალ ალ შარიფი – ქალი, რომელმაც საუდის არაბეთის რელიგიურ პოლიციას ომი გამოუცხადა და ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ და ჩაკეტილ ქვეყანაში ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლებისთვის ბრძოლა დაიწყო.

მანალ ალ შარიფიმ აღმოაჩინა, რომ საუდის არაბეთში კანონით სულაც არ იკრძალება ქალისთვის საჭესთან ჯდომა. მან წამოიწყო კამპანია და Youtube-ზე განათავსა ვიდეო, რომელშიც ის მანქანას მართავს. ამის გამო შარიფი 9 დღით დააპატიმრეს. შარიფიმ მოუწოდა საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს, რომლებსაც მართვის მოწმობა სხვა ქვეყანაში ჰქონდათ აღებული, რომ დამჯდარიყვნენ საჭესთან და გადაეღოთ ვიდეო. ვიდეო ათასობით ადამიანმა ნახა, მანალს და მის კამპანიას კი სხვა ქალებიც შემოუერთდნენ.

„მჯერა, მალე დადგება ის დრო, როდესაც საუდის არაბეთის ქალები თავიანთ ცხოვრებას თავად განკარგავენ. ჩემთვის თავისუფლება თავისთავად ნაგულისხმევი მოცემულობა კი არა, ბრძოლით მოსაპოვებელი რამაა. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ცვლილებები ხდება!“