ელენე: „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

არც ისე შორეული 2000-იანები

“ქალთა მოძრაობაში უმძიმეს პერიოდში ჩავერთე – 2000 წელს. ქალთა უფლებები მაშინ არავის აინტერესებდა, არავის დღის წესრიგში არ იდგა. გენდერი, თანასწორობა, ფემინიზმი – ეს ტერმინები საზოგადოებისთვის და მედიისთვისაც კი აბსოლუტურად უცხო იყო. არც სოციალური მედია არსებობდა. ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო ტელევიზია, რომელიც ამ საკითხებს არ აშუქებდა.

ჩემი ჩართულობა თავიდან შემთხვევითობამ განაპირობა. ძალადობის მსხვერპლ ქალს დახმარება სჭირდებოდა. დავიწყე კონტაქტების მოძიება, მაგრამ ვერსად ვიპოვე თავმოყრილი მონაცემები – ვისთვის შეიძლებოდა, მიგვემართა. იმავე პერიოდში აბსოლუტურად შემთხვევით გავიგე, რომ ეუთო-ოდირის მხარდაჭერით იქმნებოდა ქალთა კოალიცია, ასევე შემთხვევით მოვხვდი ტრენინგზე, საიდანაც დაიწყო ჩემი აქტიური მუშაობა ქალთა კოალიციის ფარგლებში. მოგვიანებით, გაჩნდა იდეა და ინტერესი, რომ დაგვეფუძნებინა ორგანიზაცია – ქალთა საინფორმაციო ცენტრი. მაშინდელი მიზანი უფრო ვიწრო იყო – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ქალებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

არც გრანტების მოპოვებაში, არც არასამთავრობო ორგანიზაციის მართვაში დიდი გამოცდილება არ გვქონდა. ვმუშაობდით როგორც საინიციატივო ჯგუფი, ვცდილობდით რესურსების მობილიზებას, მედიასთან და სხვა პარტნიორებთან გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ლაპარაკს. ჩვენი პირველი გრანტი, თუ არ ვცდები, 200 თუ 300 დოლარი იყო, ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სივრცეში არსებული ქალთა ორგანიზაციების შესახებ კატალოგის შექმნას ისახავდა მიზნად.

ქალთა ინსტიტუციური გაძლიერება – ცვლილებები დოკუმენტებს მიღმა
ხშირად ისმის კრიტიკა, რომელსაც ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ ჩვენს სფეროში მომუშავე ადამიანები, ზოგჯერ არც თუ მთლად გასაგები ტერმინებით ვსაუბრობთ – ინსტიტუციური მექანიზმებიც მათ შორისაა. მოკლედ რომ ავხსნა, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის მიზანია, გამოკვეთოს სახელმწიფოს ვალდებულება – შექმნას და განახორციელოს კანონები, რომლებიც მიმართული იქნება ქალთა უფლებრივი და გენდერული საკითხების უზრუნველყოფისკენ. ჩვენი ამოცანა იყო და არის, ერთი მხრივ, შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქალთა უფლებებს დაიცავს და მეორე მხრივ, არსებობდეს აღსრულების მექანიზმი, რათა ეს კანონები არ დარჩეს ქაღალდზე და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე რეალურად აისახოს.
ინსტიტუციურ მექანიზმები ყველა დონეზე უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატირების და მუშაობის შედეგად, მოხდა გენდერული პოლიტიკის დეცენტრალიზაცია, ანუ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელმაც განაპირობა ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა ადგილობრივ დონეზე. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს ყველაზე ახლოს ხალხთან და შესაბამისად, უნდა იცოდეს ადამიანების საჭიროებები იმისთვის, რომ ისინი თავის პოლიტიკაში და ბიუჯეტში ასახოს. ეს იყო ჩვენი უდიდესი ამოცანაც და მიღწევაც.

როცა ქალებთან ვმუშაობთ, ვცდილობთ, შევარჩიოთ ჯგუფები და რეგიონები, სადაც გამოწვევები კიდევ უფრო ბევრია. ასეთი ჯგუფია დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ მათთვის განათლების მიღების ხელშეწყობაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე და სხვა, თუმცა, პირველ ყოვლისა, უნდა ვახსენოთ უსაფრთხოება და ამისთვის საჭირო ადრეული გაფრთხილების სისტემა. ის, რომ სწორედ ჩვენ მიერ გაძლიერებული ქალების ჩართულობით, ინიციატივით, ადრეული გაფრთხილების სისტემა აისახა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში 2011 წელს. ამაზე ფიქრი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დავიწყეთ, როცა ვნახეთ მისი საჭიროება.

მარტივად, რომ ვთქვათ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი რისკების პრევენციისა და მართვისთვის, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, როგორ მოიქცნენ კრიზისის და საგანგებო მდგომარეობის დროს, რათა შემცირდეს საფრთხეები და შესაძლო ზიანი. 2011 წელს მიღებული ეროვნული სამოქმედო გეგმა იყო ერთადერთი დოკუმენტი საქართველოში, რომელიც ეხებოდა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, ქალებს. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩავრთეთ 100-ზე მეტი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანი, უზრუნველვყავით მათი დასწრება საპარლამენტო განხილვაზე, სადაც თავად დაინახეს, რომ მხოლოდ ფორმალურად კი არ მონაწილეობდნენ პროცესში, არამედ მათი ინიციატივები, საჭიროებები და შეფასებები რეალურად აისახა სამოქმედო გეგმაში. ეს იყო ერთადერთი დოკუმენტი საქართველოში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტით დაზარებულ ადამიანებს, მათ შორის, ქალებს.”

საქართველო: პრობლემების გეოგრაფია

“ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადგილი ჩორჩანაა. ეს სოფელი არც თბილისიდანაა დიდად შორს და მით უმეტეს, არც მუნიციპალური ცენტრიდან – ხაშურიდან. პირველად რომ ჩავედით ჩორჩანაში, სრული შოკი გვქონდა. გზად იდგა ერთი ჯიხური. ერთი თუ ორი ქალი დაგვხვდა ამ ჯიხურში, ეს ამბულატორიააო, გვითხრეს. სრულიად ცარიელი იყო იქაურობა, არავითარი აღჭურვილობა, არაფერი. იქ მყოფმა ქალებმა შემდეგ სახლში დაგვპატიჟეს. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

არასდროს დამავიწყდება – კითხვაზე, როგორ ცხოვრობდნენ ჩორჩანაში ქალები, რა იყო მათი ყოველდღიურობა, გვიპასუხეს – “ჩვენ ქალები არა ვართ, ჩვენ მხეცები ვართ”. ეს იყო უმძიმესი მოსასმენი და შემდეგ აღმოჩდა, რომ მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც არ ჰქონდათ, მათ შორის, წყალი, რომლის შორი მანძილიდან ხელით მოტანა უწევდათ. ეს ქალები ე.წ. გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ, მეორე მხარეს რუსები არიან. ჩორჩანელები თავიანთ თავს “მესაზღვრეებს” უწოდებენ, რადგან ისინი რომ წამოვიდნენ, სოფლის მცველი აღარავინ დარჩება.

ე.წ. გამყოფ ხაზთან, ტყეში დაკრეფილი იები ლუკმა-პურის საშოვნელად – ასეთი იყო მათი ისტორია, რადგან თავს იების გაყიდვით ირჩენდნენ და ხშირად, ტყეშიც კი ვერ გადიოდნენ. იები 3 და 8 მარტს ეყიდებოდათ, ხაშურის ბაზარში, რაც, ამ დრომდე, მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. უკან დაბრუნებაც სადარდებელი ჰქონდათ, რადგან ხაშურიდან ჩორჩანამდე ტრანსპორტი შეზღუდული გრაფიკით მუშაობს, არ არსებობდა გზაც, რომლითაც დაბრუნებას სახლში უსაფრთხოდ შეძლებდნენ, განსაკუთრებით უამინდობის დროს.

მალე კონფერენციაზე მოვხვდი, სადაც უშინაარსო ფრაზებს ისროდნენ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. სიტყვით გამოვედი და ვთქვი, რომ როცა ასეთ დიად მიზნებს ვსახავთ, როგორიცაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, აქვე, ჩვენთან ახლოს, არიან ქალები, რომლებიც იების გაყიდვით გადარჩენას ცდილობენ. მაშინ ერთ-ერთი კომპანია გამომეხმაურა. მათთან ერთად კამპანია დავგეგმეთ. იმავე წელს, ჩორჩანელი ქალების მოკრეფილი იები მოვაგროვეთ, შევფუთეთ და მთლიანად შევისყიდეთ. მათ კი ის საყოფაცხოვრებო ნივთები ჩავუტანეთ, რაც სოფლის მეურნეობისთვის სჭირდებოდათ. მოგვიანებით, დავეხმარეთ ბიზნესთან და სახელმწიფოსთან თანამშრომლობით – გავაძლიერებინეთ სატელეფონო მიღების სიგნალი. დავიწყეთ სხვადასხვა საკითხის ადვოკატირება. თავად სოფლის მაცხოვრებლები ჩავრთეთ სამინისტროს წარმომადგენლობასთან დისკუსიებსა და საუბრებში. ერთ-ერთი დიდი გამარჯვება, რასაც მივაღწიეთ, მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაყვანაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად, რეგიონებში, საქმე გვაქვს უკიდეგანო სიღარიბესთან. სიღარიბეც პირობითი ტერმინია. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მიწები, მაგრამ ამ მიწას ვერ იყენებდეს და ცხოვრობდეს უწყლოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე. ასეთ დროს აუცილებელია უფლებადამცველების, ჩვენისთანა ორგანიზაციების და ადამიანების ჩართვა, რათა მოხდეს პრობლემის გააზრება, ადვოკატირება და გადაჭრა.
თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებს ნაკლები წვდომა აქვთ ინფორმაციაზე და ხშირად არც იმის შესაძლებლობა აქვთ ნახონ სხვაგან (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ) რა ხდება. შედარებასაც კი ვერ აკეთებენ, ეს ადამიანები ცხოვრობენ გარემოში, სადაც ხედავენ ერთმანეთს და რუს ე.წ. მესაზღვრეებს. შეიძლება, მინიმალური სოციალიზაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ისინი სიღარიბეში რჩებიან. სოფელი თუ არ ვითარდება, ქვეყანაც არ ვითარდება.

რაც უფრო შორსაა სოფელი, რაც უფრო მაღალმთიანი ან მოწყვეტილია, მით უფრო მძიმეა მდგომარეობა. ადამიანები ყოველდღიურად ამ ფიქრებში არიან – რა აჭამონ ბავშვებს, სკოლაში როგორ გაუშვან… ამიტომ ვლაპარაკობთ ჩვენ სახელმწიფოს როლზე. ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდება ასეთი მასშტაბის პრობლემებს.”

პოლიტიკური ნება, კრიზისი და მომავალი

“იქიდან გამომდინარე, რომ ადვოკატირება და პრობლემების გადაჭრა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, წარმოუდგენელია, რომ ამ 12 წლის განამავლობაში ჩვენ ხელისუფლებასთან არ გვეთანამშრომლა. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ცდილობდა – ეს ყველა ხელისუფლებამ იცოდა, შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ოცნების ჩათვლით, და თითოეულ შემთხვევაში, რიგ საკითხებში, მართლაც გვქონდა გარკვეული პროგრესი.

“რუსული კანონის” პირველივე ინიცირება იყო იმდენად ღირსების შემლახველი, იმდენად შეურაცხმყოფელი პირადად ჩემთვის, ორგანიზაციას რომ თავი დავანებოთ, როგორც ერთმა ადამიანმა, უდიდესი სტრესი გავიარე. ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ კანონს „ფარას“ დავარქმევთ, რუსულ კანონს, თუ რაიმე სხვას. ის, თავისი არსით და მიზნით, არის ღირსების შემლახავი.

წარმოიდგინეთ, აკეთებ საქმეს, რომელსაც წესით სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ადამიანებს თვალებში უყურებ და გეუბნებიან, რომ ეს მათ ცხოვრებას ცვლის. სახელმწიფო შენს გაკეთებულ საქმეს ანგარიშებში წერს, და უცებ… გაცხადებს მტრად. აგენტად.

წარმოიდგინეთ, გუნდის ლიდერი ხარ, წლებია, ახალი თაობები მოგყვებიან… ასეთ დროს ძალიან რთულია თავად არ დაეცე, მოტივაცია მისცე ადამიანებს, შენს თანამებრძოლებს აგრძნობინო, რომ ეს გასაჭირი დროებითია, და მე მართლაც მჯერა, რომ დროებითია. ამ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ.
ამ პროცესებმა პიროვნულად თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა და, შესაბამისად, იმოქმედა ორგანიზაციებზეც. ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას, არც ერთ მომენტში არ გავჩერებულვართ. თუმცა მუშაობის სტილი შეიცვალა.
რა შეიცვალა? ის, რომ ადამიანებს პრობლემებს ვეღარ ვუჭრით. ვეღარ ვეხმარებით ისე, როგორც ვეხმარებოდით. ეს გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, ამ ადამიანებზე აისახა. იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

მე, როგორც კონსტრუქციულად მუშაობის მომხრე, ორიენტირებული იმაზე, რომ სხვა მთავარი პრობლემების გადაჭრაა, მზად ვარ, ნებისმიერ სივრცეში შეხვედრისა და თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ოპონენტებთანაც. გარკვეული მიმართულებებით, დიალოგი აუცილებელია. მაგრამ ახლა ისეთ ჩიხში ვართ, რომ ამ დიალოგის სივრცე არ არსებობს. ხელისუფლებამ კარი თვითონ ჩაკეტა.

“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან” – ეს ჩვენი სლოგანია. ამ სლოგანის მთელი გულით გვჯერა. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, საქართველოში, პროტესტს ქალის სახე აქვს. სწორედ ქალის სახეების ეშინიათ. ყველაზე კრიზისულ პოლიტიკური მომენტებში, პირველი ბრძოლა ყოველთვის ქალების წინააღმდეგ იწყება. მუდმივადაა ქალების გაჩუმების მცდელობა, მაგრამ ვერ გაგვაჩუმებენ. ქალები საქართველოში ყოველთვის იბრძოდნენ. ისტორია არ იკარგება. ისტორიული მეხსიერება უნდა შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს იმ გზის გავლა, რაც წინა თაობებმა გაიარეს – ძიება დაკარგული ქალების სახეებისა, რომლებსაც საქართველოს შენებაში და დამოუკიდებლობის მოპოვებაში წვლილი აქვთ შეტანილი. ქალთა სახეები რომელსაც ახლა პროტესტში ვუყურებთ, ხმები, რომელიც გვესმის, აუცილებლად დარჩება ისტორიას.” – ელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე.

ფოტო: Dina Oganova – Documentary Photographer