ბოლო დროს მომხდარი ზედოზირების რამდენიმე ფაქტიდან გამომდინარე მედია საშუალებებში გაიზარდა ხილვადობა და ინტერესი, თუმცაღა რადგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პიროვნებაზე ცენტრირებული ინფორმაციის გავრცელება, გიზიარებთ ადიქციის პოლიტიკისა და პრაქტიკის სპეციალისტის, გიორგი მინასოვის პროფესიულ აზრსა და რჩევებს.

❗️ Მოხმარების განმაპირობებელი მიზეზები: ნივთიერების მოხმარება ნაწილობრივ სტრესთან გამკლავების საშუალებაა და წარმოადგენს ჯანმრთელობის პრობლემას, რომელსაც განაპირობებს კომპლექსური ბიო-ფსიქო-სოციალური თუ გენეტიკური ფაქტორები, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, ომები, ბავშობისეული ტრავმა, ძალადობა და ა.შ. Აღნიშნული ფაქტორები ერთის მხრივ იწვევს ადამიანის ნეირობიოლოგიაში ცვლილებებს და ყალიბდება შფოთვა, დეპრესია თუ სხვა მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. შესაბამისად, როდესაც ადამიანები მოიხმარენ ნივთიერებებს, უმეტეს შემთხვევაში თვით-მკურნალობაა მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ზემოაღნიშნული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დასარეგულირებლად. ადამიანის ტვინის ნეიროპლასტიურობიდან გამომდინარე კი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, იზრდება მოწყვლადობა და ადვილად ხდება დამოკიდებულების განვითარება. Მეორეს მხრივ, ახალგაზრდა ადამიანებში სანამ ტვინის სრული ჩამოყალიბება დასრულდება, პრეფრონტალური კორტექსი, რომლის მოუმწიფებლობაც სარისკო ქცევის ინიცირებას განაპირობებს, შეიძლება გახდეს ნივთიერებათა მოხმარების ინიცირების მიზეზი. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს რომ დამოკიდებულება ჩამოყალიბდება. ასეთ შემთხვევას რეკრეაციულ მოხმარებას ვეძახით.

⚠️ Სტიგმა: Არასწორი ინფორმაცია უფრო მეტად აღვივებს სტიგმას აღნიშნული ჯანმრთელობის პორობლემის შესახებ და წყალს უსხამს საბჭოთა ევგენიკურ პარადიგმას რომ ნივთიერებათა მოხმარება არის მორალური კრახი ან დასწავლილი ქცევა, რაც მეცნიერულ მტკიცებულებას/რეალობას არ შეესაბამება. Გახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელებამდე მისი გადამოწმება სანდო, სამეცნიერო წყაროებზე.

‍♀️ ადიქციის პოლიტიკა: როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადიქციის არასწორი პოლიტიკა უფრო მეტად ამწვავებს იმ პრობლემებს, რის წინაშეც ნივთიერებათა მომხმარებლები დგანან. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, სამკურნალო, ზიანის შემცირებისა და სარეაბილიტაციო სერვისების შექმნა, განვითარება, ხელმისაწვდომობის (როგორც გეოგრაფიული, აგრეთვე ფინანსური) გაზრდა;
საქართველოში ბაზარი არის გაუკონტროლებელი – უამრავი ლეტალური ნივთიერება შემოდის. შესაბამისად, როდესაც ადამიანებს სახელმწიფო არ აძლევს საშუალებას დაიკმაყოფილონ მოთხოვნა ზემოაღნიშნული სერვისების საშუალებით, მათ უწევთ ალტერნატიული გზების ძიება, მაგალითად, შავ ბაზარზე არალეგალური ნივთიერებების შეძენა. ეს ყველაფერი ისეთ დამატებით რისკებს იწვევს, როგორიცაა ზედოზირება, სხვადასხვა გადამდები დაავადებების გავრცელება და სხვ.
ნივთიერებათა მოხმარების პრობლემა, ისევე როგორც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, თანაბრად ხვდება ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანს, იქნება ეს ბიბლიოთეკაში, ეკლესიასა თუ ღამის კლუბში. ისევ და ისევ იმ ზემოაღნიშნული ბიო-ფსიქო-სოციალური და გენეტიკური პრეკურსორებიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრე.

❕ შესაბამისად, აუცილებელია, აღნიშულ საკითხს მივუდგეთ ემპათიით და ხელი შევუწყოთ სტიგმისგან და განკიცხვისგან თავისუფალი, სამეცნიერო, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას.