ზამთრის პერიოდში, როცა ტემპერატურა დღითიდღე იკლებს, ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატაროთ გარეთ. სახლში თბილად მოკალათება ცხელ ჩაისთან ერთად, დღის საუკეთესო ნაწილი ხდება. მაგრამ გიფიქრია, ამ დროს შენი სახლის კარს მიღმა რამდენი მიუსაფარი ცხოველი დგას შიმშილისა და სიცივისგან სიკვდილის რისკის ქვეშ?

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა მიუსაფარი ცხოველის სახლში შეკედლება, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია, შევამციროთ იმ ძაღლებისა და ფისოების რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა სიცივემ და შიმშილმა მოკლას. თან, ზამთარში, როცა ქუჩაში ადამიანები ფაქტობრივად არ დადიან, ნაკლები შანსი აქვთ, ვინმემ გამოკვებოს ან თბილი სივრცე შესთავაზოს.

წყლისა და საჭმლის გარეშე კნუტები და ლეკვები 3 დღეში იღუპებიან; მოზრდილი კატები და ძაღლები, თუ წყლის მიღების შესაძლებლობა აქვთ, 5 დღემდე ცოცხლობენ, მაგრამ თუ წყალს 24 საათში ერთხელ მაინც არ მიიღებენ, სიცოცხლის ხანგრლივობა იკლებს და დაახლოებით, 3 დღე შეუძლიათ იცოცხლონ.

თუ შენი სახლის ან სამსახურის ახლომახლო ხშირად ხედავ მიუსაფარ ცხოველს, ეცადე, რომ იზრუნო მის რეგულარულ გამოკვებაზე. დილით, სახლიდან გასვლამდე, გააყოლე ხელს საჭმელი, წყალი და დაუტოვე შესაბამის ადგილას.

ცივ დღეებში, განსაკუთრებით კი ღამით, მიუსაფარი ცხოველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თბილი სივრცეა. თუ გაქვს შესაძლებლობა, შენი საცხოვრებლის სადარბაზო, ავტოფარეხი ან სხვა სივრცე გამოიყენე მათ გასათბობად, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლია, თავად შექმენი მათთვის საცხოვრებელი სივრცე. ამისთვის დაგჭირდება ხის მასალა, ან გამძლე მუყაო. თუმცა, ეცადე, რომ სახლის სახურავი მყარი მასალისგან იყოს დამზადებული, რომ ქარმა ან უამინდობამ არ დააზიანოს.

და ბოლოს, თუ ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, თავად ვერ ახერხებ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას, მაშინ შეგიძლია ფინანსურად დაეხმარო იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ. მცირედი დონაციაც ხშირად გადამწყეტია.