#FemWiki

სიუზი ორბახი ბრიტანელი ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და მწერალია. თავის დროზე, პრინცესა დაიანას ფსიქოთერაპევტი იყო. ის არის ლონდონის ქალთა თერაპიის ცენტრის დამაარსებელი, გაზეთ გარდიანის ერთ-ერთი ავტორი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის ყოფილი პროფესორი. სუზი ორბახი ავტორია 1978 წელს გამოცემული ბესტსელერისა “ცხიმი ფემინისტური საკითხია”. წიგნი დღემდე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ კლასიკურ ტექსტად ითვლება.

იგი იკვლევს ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულ და დამკვიდრებულ მოსაზრებას და ასოციაციებს – მსუქანი=ცუდს, გამხდარი=კარგს. მისთვის მნიშვნელოვანია პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ ჭამენ ქალები, როცა ფიზიკურად არ შიათ. წიგნის გამოსვლიდან მრავალი წლის მიუხედავად, მისი გზავნილი კვლავ აქტუალურია.

წიგნში ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ სიმსუქნე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ არასწორი, თუ ჭარბი კვება. თანამედროვე სამყაროში, ჯერ კიდევ არსებობს სილამაზის დაწესებული სტანდარტები და სიგამხდრის დაუოკებელი სურვილი, რაც ხშირშემთხვევაში კვებით აშლილობასა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემას იწვევს.

სიუზი ორბახი თავის წიგნში წერს, რომ ცხიმი და ჭარბი კილოგრამები ხშირად ემოციური რეაქციაა ადამიანის ფსიქოლოგიურ, თუ სოციალურ მდგომარეობაზე – და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიმსუქნე უსაფრთხოდ ყოფნის ერთადერთი გამოსავალია ისეთ სამყაროში, სადაც გარეგნული სრულყოფილების მოთხოვნა ქალებზე კვლავ სოციალური კონტროლის ძლიერ და მანიპულაციის მექანიზმად რჩება.

„მსოფლიოს გარშემო, საკლასო ოთახებში გოგონები ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს როგორ ჭამონ ნაკლები, როგორ ივარჯიშონ მეტი და როგორ მიბაძონ იმ სრულყოფილ სხეულებს, რომლებიც ყველგან თვალში ხვდებათ – მუსიკალურ ვიდეოკლიპებში, ტელესერიალებში, მოდის ჩვენებებზე, ჟურნალებში და ბილბორდებზე. ამ გოგოებმა სადღაც იციან, რომ ეს სხეულები არ არის ბოლომდე ნამდვილი – რომ ისინი შეცვლილია ქირურგიით, განათებით, კამერის პერსპექტივით და ციფრული მანიპულაციით, რათა უფრო გრძელი ფეხები, უფრო ვიწრო წელი, უფრო დიდი მკერდი და უფრო მრგვალი საჯდომი გამოუჩნდეთ. მაგრამ ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს“ – წერს ორბახი.

როფორც სიუზი ორბახი გვეუბნება, ჩვენ უფრო მეტად გვესმის ჩვენი გონების, ვიდრე ჩვენი სხეულის და უფრო მეტად ვუსმენთ გონებას, ვიდრე ჩვენს სხეულს. ეს მოიტანა სწორედ თანამედროვე სამყარომ და სილამაზის დაწესებულმა სტანდარტებმა. სინამდვილეში, არ არის საჭირო დროის უდიდესი ნაწილი ამაზე ფიქრში გავატაროთ, ჩვენი სასურველობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებზე. იმისათვის, რომ ბედნიერები ვიყოთ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ არ შეიძლება ყველა ადამიანს ერთნაირი სილამაზის სტანდარტი ჰქონდეს, არ შეიძლება ყველა ერთმანეთს ჰგავდეს. ასეთია ბუნების კანონი და ამის გააზრება მნიშვნელოვანია.

ტექსტის ავტორი: ნინი როხვაძე.
წყარო: “ასათიანის კუთხე”.