#FemWiki

როზალინდ ფრანკლინი (1920-1958) ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ქიმიკოსი, მოლეკულური ბიოლოგიისა და კრისტალოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მან უდიდესი როლი ითამაშა დნმ-ის აღმოჩენაში, თუმცა მისი წვლილი მრავალი წლის მანძილზე უგულვებელყოფილი იყო, რადგან მეოცე საუკუნეში ეს სფერო (ისევე, როგორც არაერთი სხვა) მამაკაცთა დომინირებით გამოირჩეოდა.

ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როცა გადაწყვიტა მეცნიერი გამხდარიყო და მთელი მისი ცხოვრება სიცოცხლის შესწავლისთვის მიეძღვნა. 1941 წელს ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტში და ფიზიკური ქიმიის შესწავლა დაიწყო. 1945 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი.

მისი აღმოჩენებისა და მიგნებების წყალობით მეორე მსოფლიო ომის დროს დაამზადეს აირწინაღების სულ სხვაგვარი მოდელი და ამით იხსნეს უამრავი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე.

1952 წელს როზალინდმა გააკეთა რენტგენოგრამა, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც „ფოტოგრაფია 51“. ამ ფოტოგრაფიამ ფრანკლინს დნმ-ის სპირალური სტრუქტურის ჩვენების შესაძლებლობა მისცა. სწორედ „51-ე ფოტო“ აღმოჩნდა მთავარი მასალა დნმ-ის კვლევაში, თუმცა ნობელის პრემია ამ აღმოჩენისთვის მის კოლეგებს ერგოთ.
წლების შემდეგ, უოტსონმა და კრიკმა (ვისაც დნმ-ის სტრუქტურის გაშიფრისთვის ნობელის პრემია გადასცეს) აღიარეს, რომ როზალინდ ფრანკლინის „ფოტოგრაფია 51“-ის გარეშე აღმოჩენის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ.

ამ აღიარების ამბავი ფრანკლინმა ვეღარ გაიგო. 1956 წელს, როზალინდ ფრანკლინს საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში რენტგენის დასხივებამ, გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად თავისი გავლენა მოახდენა მის ჯანმრთელობაზე. ის 1958 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოგვიანებით, მისი ღვაწლის დასაფასებლად მარსმავალს, რომელიც 2020 წელს შეუდგა წითელი პლანეტის გრუნტის შესწავლას, როზალინდ ფრანკლინის სახელი დაერქვა.

განსაკუთრებულად ნიჭიერი ქალი, რომელსაც ორჯერ შეეძლო გამხდარიყო ნობელის პრემიის ლაურეატი, მეოცე საუკუნეში გაბატონებულმა პატრიარქალურმა შეხედულებებმა შეიწირა. ის დღემდე რჩება მასკულინურ სამყაროში მებრძოლ ქალის სახედ.