#FemWiki

1932 წელს, ამერიკაში დაიბადა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მწერალი ქალი, სილვია პლათი. მისი ასაკისთვის განსხვავებული აზროვნების გამო სილვიას ყოველთვის უცნაურ ბავშვად აღიქვამდნენ. სკოლის დასრულებას მოჰყვა კოლეჯი, ამ დროს მას ღრმა დეპრესია ჰქონდა და პირველად სცადა თვითმკვლელობა. მოგვიანებით ინგლისში გაემგზავრა, კემბრიჯში განაგრძო სწავლა და იქვე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, ასევე პოეტი, ტედ ჰიუზი.

რამდენიმე წლის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სილვია ორი შვილით ლონდონში გადასახლდა. უტელეფონოდ, უფულოდ, უცხო ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი თავისა და ლექსების იმედად დარჩენილი სამუშაო მაგიდასთან მხოლოდ გვიან ღამით ჯდებოდა და გათენებამდე წერდა. საბოლოოდ კი, მწვავე დეპრესიის ფონზე თავი მოიკლა.
სიკვდილამდე მან უკანასკნელი ხელნაწერი დატოვა. ლექსების კრებული, არიელი, სილვიამ ქმრის ღალატის გაგებიდან თვეების შემდეგ დაწერა. დღეს ეს პოეტური კრებული ინგლისურ ლიტერატურაში მრისხანებისა და შეუგუებლობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად იქცა.

მისი ერთადერთი, ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი „ზარხუფი” დღემდე რჩება სილვიას გამორჩეული ხასიათის სიმბოლოდ. მთავარი გმირი მთელი ნაწარმოების განმავლობაში, მუდმივად აპროტესტებს მამაკაცების დომინირებასა და ქალთა შეზღუდულ თავისუფლებას. უკვირს, რატომ უნდა შემოიფარგლებოდეს ქალი მხოლოდ ერთი, უბიწო ცხოვრებით და ამის პარალელურად მამაკაცს მრავალფეროვანი სექსუალური თავგადასავლები ჰქონდეს. რომანის სწორედ ეს ფემინისტური ხაზი გახდა წიგნის პოპულარობის მთავარი მიზეზი.

სილვია პლათი ღიად საუბრობდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. შუშის ზარხუფის ქვეშ მოქცეულ გოგოს, რომელსაც ძალიან სურდა, მის ცხოვრებაშიც მომხდარიყო კარგი ამბები და ოცნებობდა, გვერდში ისეთი ვინმე ჰყოლოდა, ვისთანაც სიღრმისეულ ლაპარაკს შეძლებდა, ვერავინ გაუგო. მასში ფემინისტები დღემდე ხედავენ იმ სამყაროს შეწირულ ქალს, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ.

პ.ს: მისი ფოტოებიდან ეს ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა ❤️

ტექსტი მოამზადა ნინი როხვაძემ ❤️