#FemWiki

უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია “ნოვაია გაზეტას” სპეციალური კორესპონდენტი იყო. ის მუდმივად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებსა და სხვა გავლენიან ხალხს.

ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გადაღებული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი. ის იკვლევდა ამ ომს და მის მიზეზებს, ეძებდა კონკრეტული ადამიანების ისტორიებს და შემდეგ, რითიც შეეძლო ეხმარებოდა. უფრო მოგვიანებით, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რაც პუტინის პოლიტიკას შეეძლო მოეტანა როგორც რუსეთისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვისაც, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას გამოთქვამდა. ის ღიად წერდა იმ ტერორზე, რომელიც ქვეყანაში იყო გაბატონებული. ის დამოუკიდებელ გამოძიებებს ატარებდა და სააშკარაოზე გამოიტანა უამრავი საქმე, რომლებშიც პუტინი და კადიროვი იყვნენ მთავარი ფიგურანტები.

დაწერა სამი წიგნი – “მოგზაურობა ჯოჯოხეთში – ჩეჩნური დღიური”, “ჩეჩნეთის მეორე ომი” და “პუტინის ომი”. ბოლო წიგნში ის წერს: “რატომ არ მიყვარს პუტინი? გულგრილობის გამო, რომელიც დანაშაულზე უარესია, ცინიზმის გამო; რასიზმის გამო; ტყუილის გამო; იმ გაზის გამო, რომელიც ნორდ-ოსტის აღებისას გამოიყენა, უდანაშაულო ბავშვების დახოცვის გამო, რომელიც მისი პრეზიდენტობის მთელი პირველი ვადის განმავლობაში გრძელდებოდა.”

მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა მის საქმიანობას, უარს ამბობდა რუსეთის ფარგლებს გარეთ საქმიანობის გაგრძელებაზე. ჟურნალისტს ეს ყველაფერი საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რუსეთის მიერ დასმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

“მოკლეს რუსეთის სინდისი” – ასე დაემშვიდობა მსოფლიო პრესა ანას, ქალს, რომელმაც რუსეთის ტერორი ამხილა და ბოლომდე იბრძოლა თვალები აეხილა ხალხისთვის, რომლებიც რუსული პროპაგანდის მსხვერპლები იყვნენ.

თბილისში, ვაკის რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ქუჩაა.

ტექსტი მოამზადა ნინი როხვაძემ