#grlzბიბლიოთეკა

ანა-ემილია ესკური ფინელი ლიტერატორია, რომელმაც პირველი ავტობიოგრაფიული რომანი “აღმა, დინების წინააღმდეგ” 1983 წელს, ფინეთში გამოსცა.

წიგნში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება განსაზღვროს უდანაშაულო ადამიანის ბედისწერა პოლიტიკურმა სიტუაციამ, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და ხალხის ცხოვრება ფაქტობრივად სამუდამოდ დაამახინჯა. საბჭოთა ცხოვრების ყოველდღიურობის, საყოველთაო ტერორის შესაცნობად ეს წიგნი, შესაძლოა, XXI საუკუნეში ერთგვარი სახელმძღვანელოც კი აღმოჩნდეს.

წიგნში მოქმედება, უმეტესწილად, ქალთა სადამსჯელო ბანაკებში მიმდინარეობს. ავტორს აღწერილი აქვს ერთი ასეთი სცენა, როდესაც საბჭოთა ბანაკებში გატარებული რვა წლის შემდეგ გათავისუფლებულ ქალებს აბანოში შეიყვანენ და პირველად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ეტყვიან, რომ იმდენ ხანს შეუძლიათ იბანაონ, რამდენიც თავად სურთ. ქმარ-შვილ დაკარგული, ცხოვრება დანგრეული ქალები ბავშვებივით წუწაობას იწყებენ, იმ წყლით, რომელიც ბანაკებში ოქროსავით ცოტა ჰქონდათ.

ავტორი ადამიანების ტრაგედიების შესახებ გვიყვება, იმ ადამიანების, რომლებიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ თავის გადასარჩენად. ის იმ უახლოეს წარსულს აღწერს, როდესაც ადამიანები მეგობრების, მეზობლების, ოჯახის წევრების გაქრობას მანამ ვერ იაზრებდნენ, სანამ თვითონ არ მოხვდებოდნენ ვაგონებში გზად შორეული რუსეთისკენ. გადასახლებიდან უკან დაბრუნება ბევრს არ ეწერა, ვინც ბრუნდებოდა ის ცხოვრებას დაღდასმული ნიშნით აგრძელებდა – საბჭოთა ტერორის შემდეგ, ცხოვრების ხალისის დაბრუნება ურთულესი ამოცანა იყო.

წიგნი განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი თაობისთვის, რომ ოდნავ მაინც შევძლოთ წარმოდგენა შევიქმნათ ბოროტებაზე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდება.