კანადელი პოეტი, მწერალი და კრიტიკოსი მარგარეტ ეტვუდი არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია. მისი ყველაზე ცნობილი ანტიუტოპიური რომანია “მხევლის წიგნი”, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ტელესერიალი გადაიღეს.
“მხევლის წიგნში” მარგარეტ ეტვუდი გვიხატავს და გვიყვება იმ შემზარავი სამყაროს შესახებ, რომელშიც ქალებს ეკრძალებთ მუშაობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა და უბრალოდ ქუჩაში გადაადგილებაც კი. ეს ისეთი სამყაროა, სადაც ქალები დაბალ კასტას მიეკუთვნებიან და მამაკაცების დადგენილ, წინასწარ განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ. ეს ყველაფერი კი ღმერთის და რელიგიიის სახელით ხდება.
“ლოგინში ვწევარ, ისევ ვცახცახებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიწა ზრიალებსო. თითქოს მსხვრევადი ვიყო. ყველა, ვისი სიყვარულიც შემეძლო ან მკვდარია, ან გადახვეწილი. შეიძლება, აღარსადაც იყვნენ. მეც აღარსად ვარ. მეც ხომ დაკარგული ვარ”. – ასე ჰყვება ამბავს წიგნის გმირი ფრედისა, ქალი, რომელსაც საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლეს, შვილი წაართვეს და გამოგონილ სამყაროში გამოკეტეს. ის ამბავს პირველ პირში ყვება და კიდევ უფრო ამძაფრებს მკითხველის შეგრძნებებს. “Nolite te bastardes carborundum” – ეს არც ლოცვაა და არც ბრძანება, ეს ნაღვლიანი წარწერაა, კედელზე ამოკაწრული იმ ქალის მიერ, ვინც ფრედისამდე ამ ოთახში ცხოვრობდა. სანამ თავის მოკლვას გადაწყვეტდა, კედელზე ეს წარწერა დატოვა – “თავი არ დააჩაგვრინო მაგ ნაბიჭვრებს”.
მარგარეტ ეტვუდვმა წიგნი დაახლოებით 30 წლის წინ დაწერა, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც საშინლად ნამდვილია. ავტორმა თავად თქვა, რომ ყველაფერი, რაც “მხევლის წიგნში” აღწერა, კაცობრიობის სამარცხვინო ისტორიამ შთააგონა. წიგნში ზოგი ეპიზოდი გაზვიადებულად შეიძლება მოგეჩვნოთ, მაგრამ ეს დისტოპიური სამყაროა. მიუხედავად ამისა, შეხვდებით სცენებს, სადაც პატრიარქალური საზოგადოების სიმახინჯეებს ამოიცნობთ. ეს წიგნი არასდროს დაკარგავს აქტუალურობას, სანამ ორმაგი სტანდარტები, მიზოგინია, სექსიზმი და რელიგიური ფანატიზმი იარსებებს.
“არ არსებობს ქალი, რომელიც არ იბრძვის! თუმცა ეს ბრძოლა უიარაღო და უხილავია – ამიტომაც შემოვრჩებით ხოლმე ისტორიის ფურცლებს მხოლოდ მსხვერპლებად.” – მარგარეტ ეტვუდი
ტექსტი: ნინი როხვაძე
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე

