#grlzბიბლიოთეკა

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსი მწერალი, ჟურნალისტი და დოკუმენტური ფილმების სცენარისტია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, “ომს არ აქვს ქალის სახე” მისი პირველი წიგნია. ავტორი მეორე მსოფლიო ომში მყოფ ასობით ქალს რამდენიმე წლის განმავლობაში ესაუბრებოდა და მათი ისტორიებით, მე-20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა მონათხრობი დაგვიტოვა.

სვეტლანა ალექსიევიჩის აზრით, მეორე მსოფლიო ომი სწორედ იმ ქალებმა მოიგეს, რომლებიც 16-17 წლის ასაკში სკოლიდან პირდაპირ ფრონტზე აღმოჩნდნენ. ეს წიგნი სწორედ ამ გმირი ქალების ისტორიების შესახებ გვიყვება.

როგორ გმირულად იბრძოდნენ, როგორ გაიმარჯვეს ან როგორ დამარცხდნენ – ეს არ არის ქალების მიერ მოყოლილი ომის ამბები. ეს არის ქალების მიერ დანახული ომი, რომელიც სრულად განსხვავებულია იმისგან, რასაც კაცები ხედავენ და ყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ომში ქალებიც მონაწილეობენ, ქალების ომზე აქამდე არავის მოუყოლია. მათი ისტორიები ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებოდა.

ეს წიგნი აქამდე ართქმული ამბების შესახებ გვიყვება. იმ ამბების, რომელთა მთავარი გმირებიც ომის ქალები არიან. როდესაც მათ მონაყოლს ისმენ, გგონია, თითქოს სხვის ამბებს ყვებიან, რადგან მაშინდელი საკუთარი თავი დღეს თვითონაც აოცებთ.

“… ქალის ომი სხვაგვარადაა შეფერილი, სხვა სუნი, სხვა განათება და გრძნობათა საკუთარი სივრცე აქვს. საკუთარი სიტყვებიც. იქ გმირებისა და დაუჯერებელი გმირობების ნაცვლად უბრალოდ ადამიანებს შეხვდებით, არაადამიანური და მაინც ადამიანური საქმით დაკავებულებს. თანაც იქ მხოლოდ ისინი (ადამიანები!) როდი იტანჯებიან, არამედ მიწაც, ფრინველებიც, ხეებიც. ყველაფერი, რაც ამქვეყნად ჩვენთან ერთად ცხოვრობს. უსიტყვოდ რომ იტანჯებიან, ეს კიდევ უფრო შემძარავიც კია.”

ტექსტი: ნინი როხვაძე
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე