
#grlzბიბლიოთეკა
ანა კორძაია-სამადაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი შემოქმედება იმ ადამიანებზეა, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, თუმცა ხშირად ჩვენთვის შეუმჩნეველები რჩებიან.
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი“ – ქალაქი, რომელსაც ყველა ვიცნობთ, მაგრამ არავინ ისე, როგორც ავტორი. “ზინკა ადამიანი” მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და როგორც ანამ აღნიშნა, ეს მისი უკანასკნელი რომანი იქნება. წიგნში სრულად ირეკლება თბილისური ამბები და ამ ჯადოსნურ ისტორიაში, პერსონაჟები იმდენად ახლობელია ჩვენთვის, თითქოს ჩვენც იმ იტალიურ ეზოში, ალექსის მეზობლად ვცხოვრობდეთ.
ალექსის თავისი განუყრელი აკორდეონი, “ტრავიატა” აქვს და მღერის ყოველთვის, მაშინაც კი, როცა რამეზე გული წყდება. წიგნის კითხვისას თითქოს ჩაგვესმის მუსიკის ხმა და ისე გვიტაცებს ეს ზღაპრული ამბავი, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ჩაივლის მტკვარზე იალქნიანი გემი.
“ზინკა ადამიანი” ისეთ ქალაქში გვამოგზაურებს, რომელსაც თითქოს ძალიან კარგად იცნობ, მაგრამ კითხვისას აღმოაჩენ, რომ მის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ გცოდნია. ის გვიყვება სასაცილო და ამავდროულად ძალიან სევდიან ამბებს, რომლებშიც ზღვარი რეალობასა და ზღაპარს შორის ფაქტობრივად გამქრალია.
ასეთია „ზინკა ადამიანი“ – დაუჯერებელი და ნამდვილი, სასაცილო და ამავდროულად სევდიანი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ანა კორძაია-სამადაშვილი ძალიან კარგად იცნობს ადამიანებს, რომლებზეც წერს.
ამ ჯადოსნური ამბიდან, რომელია თქვენთვის საყვარელი ისტორია?
ტექსტი: ნინი როხვაძე
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე
