#grlzბიბლიოთეკა

რუპი კაური ინდური წარმოშობის კანადელი მხატვარი, პოეტი და ილუსტრატორია. ბავშვობაში, დედის შთაგონებით წერდა ლექსებს, რომელსაც მეგობრებს უძღვნიდა. 21 წლის ასაკში კი გამოაქვეყნა პირველი პოეტური კრებული „რძე და თაფლი“, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვა. ის BBC-ის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დასახელდა.

„რძე და თაფლი“ სიყვარულის, ტრავმის, ამ ტრავმებისგან გათავისუფლების, განკურნებისა და ქალურობის შესახებაა. ის ოთხ ცალკეულ ნაწილადაა დაყოფილი და თითოეულს განსხვავებული მისია აკისრია. ტკენა, სიყვარული, მსხვრევა და გამთელება – ეს არის გზა, რომელსაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში გადის, ამ გზას კი რუპი კაური საკუთარი ლექსებითა და ილუსტაციებით აღწერს. მის ნაწერებში, რომელიმე ლექსში, აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს ცხოვრებას, განცდებსა და ტკივილს. ეს წიგნი გაჩვენებთ, როგორ უნდა მიხვიდეთ დიდი ტკივილიდან საკუთარი თავის პოვნამდე.

სექსუალობა, ძალადობა, ოჯახთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაცია, საკუთარ სხეულთან ურთიერთობა და საკუთარი თავის სიყვარული – ეს ის თემებია, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი ჯერ კიდევ ყველას არ შეუძლია, ავტორი კი წიგნში ამ თემების შესახებ გულწრფელად ყვება.

რუპი კაურიმ შეძლო, ყველა ქალი ერთი საერთო პრობლემის ქვეშ გაეერთიანებინა. ერთიანობის განცდა და იმის გააზრება, რომ თურმე, ამ სამყაროში მარტო შენ არ გაწუხებს ეს პრობლემები, გაძლევს ერთგვარი ძალაუფლების შეგრძნებას, რომ ცხოვრებაში ყველა პრობლემას გადალახავ.

ავტორმა ზუსტად იცის, რომ არაფერია ამ სამყაროში იმაზე რთული და ბედნიერების მომტანი, ვიდრე საკუთარი თავის პოვნა და სიყვარულია.

მითითებულ ბმულზე, შეგიძლია ნახო ამ თემაზე მომზადებული ჩვენი ვიდეო:

https://fb.watch/b5Tvr8u154/

ტექსტი: ნინი როხვაძე
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე